ინფრასტრუქტურის ანალიზი

არსებული ძირითადი გამჭოლი გზები და ქუჩები

 

ილუსტრაციაზე წითელი ფერით აღნიშნული ნაწილი წარმოადგენს ასფალტით მოპირკეთებული ზედაპირის მქონე ერთადერთ მთავარ მოსასვლელ გზას ბახმაროში. ეს გზა 1980-იან წლებში მოეწყო. სრულფასოვანი საავტომობილო გზა ნაბეღლავიდან ბახმარომდე რამდენიმე პატარა სოფელს აკავშირებს ცხრაწყაროს, ჩხაკოურას და ქვაბღას გავლით.   საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ჩოხატაური-ბახმაროს შიგა სახელმწიფოებრივი გზის, სოფელი ჩხაკოურა- ბახმაროს მონაკვეთი, ყველაზე რთული რელიეფით, გზის მკვეთრი მრუდებითა და ზამთრის მკაცრი კლიმატით ხასიათდება. დღესდღეობით ზამთრის პერიოდში (ნოემბერი-მარტის თვეებში) გზის ამ მონაკვეთში თოვლის დიდი ნალექის, მოყინვის, ნამქერისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო მოძრაობა წყდება.

 

წყალმომარაგება და საყოფაცხოვრებო წყალარინება

ბახმაროს წყლით მომარაგების სისტემის დახასიათება

კურორტ ბახმაროს მოსახლეობის (დამსვენებლების) წყალმომარაგება ამჟამად ხორციელდება ბახმაროს  შემოგარენში, მთების ფერდობებზე მოწყობილი წყლის კაპტაჟების ხარჯზე. წყაროების გამოსავლები კაპტირებულია ლითონის წყალშემკრებებით, ზომებით (დაახლეობით) 1x0,8x0,8 მ. წყალშემკრებებიდან წყალი პლასტმასის მილებით ჩაედინება ლითონის რეზერვუარებში (მოცულობით 10 მ3-მდე), საიდანაც  გამანაწილებელი პლასტმასის მილებით წყალი მიეწოდება საცხოვრებელ კოტეჯებს.

 

ბახმაროს საკანალიზაციო სისტემის დახასიათება

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კურორტს არ გააჩნია საკანალიზაციო კოლექტორი და სამეურნეო-ფეკალური წყლების შეგროვება ხდება ე.წ. საასენიზაციო ორმოების  საშუალებით.  ეს ორმოები მოწყობილია სამშენებლო და სანიტარული წესების და ნორმების დარღვევით. აღნიშნულის გამო ძალზე მაღალია სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლებით გრუნტის წყლების დაბინძურება. მათ არ გააჩნიათ სანიტარული დაცვის ზონები და უმეტეს შემთხვევაში განთავსებულია ერთმანეთის  სიახლოვეს.

 

ელექტრომომარაგება

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ელექტრო მომარაგება ხორციელდება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, შეზღუდული რესურსით (გრაფიკით - ხაზი „ერკეთი“ 10 კვ.)

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის სრულფასოვანი ელექტრომომარაგებისთვის, მაღალი და დაბალი ძაბვის ელ.ქსელის გაუჯობესების მიზნით საქათველოს ენერგეტიკის სამინისტროს დავალებით კომპანია „ენერგო-პროს“ მიერ (05.05.2016 #04/1714) მომზადებულია წინასწარი შეფასება.

საკურორტო დასახლების საიმედო  და ხარისხიანი ელექტრო მომარაგებისთვის საჭიროა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

  1. 1,35/10კვ. ქ/ს ნაბეღლავიდან გამომავალი, 35 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ერკეთი“-ს სრული რეაბილიტაცა - სავარაუდო ღირებულება 232 000 ლარი.
  2. ბახმაროს ტერიტორიაზე 35/10 კვ. ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა - სავარაუდო ღირებულება 465 000 ლარი.
  3. ახალი, 15 კვ. – 10 კვ. ძაბვის ქსელის მშენებლობა - სავარაუდო ღირებულება 450 000 ლარი.
  4. 0,4 კვ. ძაბვის ქსელის მოწყობა/რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულება 450 000 ლარი.
  5. მოსახლეობის (1 500 აბონენტის) ინდივიდუალური გამრიცხველიანება - სავარაუდო ღირებულება 900 000 ლარი.

ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს  2 497 000 ლარს.

 

ბუნებრივი აირით მომარაგება

საქარველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის  #317 განკარგულებით ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა ბახმაროს ბუნებრივი აირით მომარაგების წინასწარი ვერსიის მომზადება. ამავე წლის 19 მაისს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ  დამუშავდა მომარაგების მარშუტის  2 ვერსია, კერძოდ: პირველი ვარიანტი ითვალისწინებს 39 კმ. სიგრძის ახალი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც გვერდს აუვლის დასახლებულ პუნქტებს და მისი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5,9 მილიონ ლარს; ხოლო მეორე ვერსია გულისხმობს 49 კმ. სიგრძის ახალი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც გარდა ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიისა სამომავლოდ ბუნებრივი აირით მოამარაგებს 15 სოფელს, მშენებლობის ხარჯების ღირებულებით 7,4 მილიონი ლარი.  ორივე ალტერნატიული ვერსიის შემთხვევაში ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე დაქსელვის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დამატებით შეადგენს 3,6 მილიონ ლარს.

 

მყარი ნარჩენები და ბუნებრივი რესურსები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი არ არსებობს. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით არც უახლოეს მომავალში იგეგმება რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ვინაიდან კურორტ ბახმაროს მყარი ნარჩენების ტრანსპორტირება და განთავსება ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მდებარე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე (ს.კ. 28.06.26.017) აღნიშნული ადგილი ასევე დატანილია „ბახმაროს ადგილმდებარეობის გურია-აჭარის მთების რეგიონის მასშტაბის რუკაზე;- (რუკა 2.3.)

ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში სახელმწიფო ბალანსზე დარიცხული სასარგებლო წიაღისეულის საბადო და წიაღისეულის სარგებლობის ლიცენზია არ ფიქსირდება. ასევე არ ხვდება არცერთი დაცული ტერიტორია თუმცა, რეგისტრირებულია სატყეო ფონდის, ეროვნული სატყეო სააგენტოს  რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. (დამატებით იხილეთ რეგისტრირებული ტყის საფარის რუკა - რუკა 12.3.)

 

სანიაღვრე სისტემა

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემა არ არის.