არსებული ეკოლოგიური მონაცემები

ბახმაროს წყლით მომარაგების სისტემის დახასიათება

კურორტ ბახმაროს მოსახლეობის (დამსვენებლების) წყალმომარაგება ამჟამად ხორციელდება ბახმაროს  შემოგარენში, მთების ფერდობებზე მოწყობილი წყლის კაპტაჟების ხარჯზე. წყაროების გამოსავლები კაპტირებულია ლითონის წყალშემკრებებით, ზომებით (დაახლეობით) 1x0,8x0,8 მ. წყალშემკრებებიდან წყალი პლასტმასის მილებით ჩაედინება ლითონის რეზერვუარებში (მოცულობით 10 მ3-მდე), საიდანაც  გამანაწილებელი პლასტმასის მილებით წყალი მიეწოდება საცხოვრებელ კოტეჯებს.

მოკვლეული წყაროების განლაგება მოყვანილია რუკა 2-ზე.

წყაროების გამოსავლები ძირითადად დაკავშირებულია ვულკანოგენურ-დანალექ ქანებთან. კაპტაჟები მოწყობილია უშუალოდ წყლების ძირითადი ქანებიდან გამოსავლებებში. წყაროების დებიტები წლის განმავლობაში (ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით) მუდმივია.

ცხრილში 1-ში მოყვანილია მოკვლეული წყაროების მახასიათებლები 2016 წლის 1-2 ოქტომბერის მდგომარეობით

ცხრილი 15: მოკვლეული წყაროების მახასიათებლები 2016 წლის 1-2 ოქტომბერის მდგომარეობით

 

მასშტაბი 1: 25000

ილუსტრაცია 1: წყალპუნქტებისა და გეოლოგიური საფრთხეების გავრცელება

 

ბახმაროს შემოგარენში დასინჯული წყაროების გარდა მოკვლეული იქნა კიდევ 2 წყარო -  №1გ და №2გ. წყაროები გამოდის ვულკანოგენური ქანებიდან, ბახმაროდან სამხრეთ აღმოსავლეთით, მდ. გუბაზეულის ხეობაში. თითოეული წყაროს დებიტმა შეადგინა 5,0 ლ/წმ-ში. წყაროების განთავსების ადგილები მოყვანილია ილუსტრაცია 2-ზე. აღნიშნული წყაროების დებიტები შედარებით სტაბილურია მთელი წლის განმავლობაში (ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით). ტერიტორიაზე წყაროების განთავსების გეომორფოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული წყაროების წყლის გამოყენება ბახმაროს სასმელი წყალმომარაგებისათვის შესაძლებელია წყლის აწევით ტუმბოს მეშვეობით დაახლოებით 32 მ-მდე, საიდანაც შემდგომში წყალი შეიძლება თვითდენით მიეწოდოს კურორტ ბახმაროს. წყაროების დაფიქსირებულმა ჯამურმა დებიტმა შესაძლოა მთლიანად უზრუნველყოს კურორტის ცენტრალიზებული წყალმომარაგება (ჯამურმა დებიტმა შეადგინა, დაახლოებით, 860 მ3/დღღ).

კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში მდინარის მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე ათეული წლის წინ (თარიღი დაუდგენელია) გაბურღულია სტრუქტურული ჭაბურღილი, სიღრმით 300 მ. ჭაბურღილის თავმორთულობა მოყვანილია სურათზე 6. ჭაბურღილის ზედა ნაწილი გამაგრებულია საცავი მილებით, დიამეტრით 146 მმ. წყალი ჭაბურღილიდან თვითდენით გადმოედინება 70 მმ დიამეტრის  მილით. გამოკვლევის დროს ჭაბურღილის დებიტმა შეადგინა 0,4 ლ/წმ-ში. ჭაბურღილი ამ რეჟიმში ფუნქციონირებს (გადმოცემით) მთელი წლის განმავლობაში.

მოკვლეული წყაროების გამოსავლები  და ჭაბურღილი მოყვანილია სურათებზე 1-5 და 6.

სურათი 7: წყარო 1

 

სურათი 8: წყარო 2

 

სურათი 9: წყარო 3

 

სურათი 10: წყაროები 6,7

 

სურათი 11: წყარო 8

 

სურათი 12: ჭაბურღილი 1

 

ბახმაროს საკანალიზაციო სისტემის დახასითება

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კურორტს არ გააჩნია საკანალიზაციო კოლექტორი და სამეურნეო-ფეკალური წყლების შეგროვება ხდება ე.წ. საასენიზაციო ორმოების  საშუალებით.  ეს ორმოები მოწყობილია სამშენებლო და სანიტარული წესების და ნორმების დარღვევით. აღნიშნულის გამო ძალზე მაღალია სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლებით გრუნტის წყლების დაბინძურება. მათ არ გააჩნიათ სანიტარული დაცვის ზონები და უმეტეს შემთხვევაში განთავსებულია ერთმანეთის  სიახლოვეს.

კურორტის ტერიტორიაზე ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გაუვნებლობის სისტემა არ არსებობს. აღნიშნულის გამო სახლების, სასტუმროს სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლებისთვის მოწყობილია მიმღები ორმოები. ორმოების უმრავლესობა მოწყობილია სამშენებლო და სანიტარული ნორმების დარღვევით. კერძოდ არ არის დაცული წმენდის პრინციპი და ჩამდინარე წყლებით ბინძურდება ნიადაგი და გრუნტის წყლები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაუმართავი ორმოებიდან ჩამდინარე წყლები სისტემატურად იჟონება და შემდეგ ჩაედინება მდინარე ბახვის წყალში.