დოკუმენტური კვლევა

არსებული ქალათმშენებლობითი დოკუმენტების ანალიზი

ATC/Design ჯგუფი 2008 წ.

ATC/Design ჯგუფმა 2008 წელს გამოიკვლია ბახმაროს მთის შესაძლებლობები და დაამუშავა მისი განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ჩვენ სამთთო- სათხილამურო ნაწილში დიდწილად ვეთანხმებით აღნიშნულ კვლევას.

 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა

ამჟამად მოქმედი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძირითადად მოიცავს განაშენიანებას და არმოიცავს სამთო-სათხილამურო ნაწილს.

2009 წლის  ბახმაროს  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფრაგმენტები

 

სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მონაცემები

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევის ნაწილის – დოკუმენტური კვლევის ერთ–ერთი შემადგენელი ფაქტორია სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მონაცემები.

წინასაპროექტო კვლევის დროს შეფასდა ის ძირითადი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის შემუშავებისათვის. შეფასების შედეგად მოხდა მხოლოდ იმ დებულებების იდენტიფიცირება, რომლებიც უშუალოდ არის ან შეიძლება იყოს დაკავშირებული საპროექტო ტერიტორიის დაგეგმარებასთან.

გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმატიული აქტებისა, დაგეგმარების პროცესში, დაგეგმარების ამოცანებიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მონაცემები.

 

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას განეკუთვნება: თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება.

კერძოდ, დაგეგმარების პროცესში გასათვალისწინებელია შემდეგი:

  • საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება, ასევე თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაგეგმარება;
  • გამგებელი (მერი) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებისათვის აუცილებელი წინასაპროექტო კვლევა (ფიზიკური გარემოს კვლევა) მოიცავს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მონაცემებს.

საკუთრების ცნება და შინაარსი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსით. მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები. აქვე განისაზღვრება საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრებაც.

სამოქალაქო კოდექსით განისაზღვრება ასევე სხვისი საკუთრებით შეზღუდული   სარგებლობის ფორმები:

  • აღნაგობის უფლება – მიწის ნაკვეთის სხვა პირისათვის გადაცემა ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების და გაქირავების;
  • უზუფრუქტი – უძრავი ნივთის სხვა პირისათვის გადაცემა სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება;
  • სერვიტუტი – მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე გამოყენება (დატვირთვა), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს,

 

  • ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ან/და გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენებას ხვა ნაკვეთის მიმართ.

უძრავ ქონებაზე საკუთრება შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:

  • სახელმწიფო საკუთრება;
  • მუნიციპალური საკუთრება; და
  • ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთა (კერძო) საკუთრება.

 

საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ

სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპებს:

  • შეიქმნას დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურა, კერძოდ, ქვეყნის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობები;
  • განვითარდეს განსახლების დეცენტრალიზებული და პოლიცენტრული სტრუქტურა; საქმიანობა ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების თვალსაზრისით იყოს სივრცით-ტერიტორიულად კონცენტრირებული და განვითარების ცენტრების სისტემაზე ორიენტირებული; დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს დასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას;
  • განხორციელდეს რეგიონული და სუბრეგიონული კავშირების გეგმარებითი უზრუნველყოფა;
  • შეიქმნას წინაპირობა საბინაო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის;
  • უზრუნველყოფილ იქნეს ინფრასტრუქტურის შესაბამისობა დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების სტრუქტურასთან; ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცულ იქნეს პარიტეტულობა კომუნიკაციების ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის მიღები სთვალსაზრისით;
  • დასახლებათა განვითარება ორიენტირებულ იქნეს ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებაზე; სატრანსპორტო მომსახურების ეფექტიანობა გაიზარდოს ადეკვატური სატრანსპორტო არტერიებისა და კვანძების შექმნით; პრიორიტეტი მიენიჭოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას;
  • უზრუნველყოფილ იქნეს დასახლებათა, მათ შორის, საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრების, არქიტექტურულ-გეგმარებითი და მხატვრულ-ესთეტიკური სრულყოფა;
  • გაიზარდოს ქალაქების კონკურენტუნარიანობა ინვესტიციების მოზიდვის, დასაქმებისა და მოსახლეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად;
  • სასოფლო დასახლებები განვითარდეს ინტენსიურად, ქალაქებთან თანაბარუფლებიანი და პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე; 
  • შენარჩუნდეს და განვითარდეს დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემა; უზრუნველყოფილ იქნეს ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და დაცვა;
  • მაქსიმალურად შემსუბუქდეს ინფრასტრუქტურის გავლენა გარემოზე; ინფრასტრუქტურას ჰქონდეს პოზიტიური ეფექტი იმ ტერიტორიებისათვის, სადაც განთავსებულია;
  • ხელი შეეწყოს მოწყვლადი ზონებისა დადეპრესიული რეგიონების გათანაბრებას;
  • კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა განხილულ იქნეს, როგორც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საფუძველი;
  • შენარჩუნდეს ისტორიული და კულტურული კავშირები; კულტურული ლანდშაფტები მათი დამახასიათებელი ნიშნებით, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით;
  • შენარჩუნდეს და განვითარდეს სარეკრეაციო ტერიტორიები;
  • სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს საჯაროობა;
  • უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა დარგობრივი გეგმების და დაგეგმვის სხვადასხვა იერარქიულ დონეებზე შესრულებული გეგმების თავსებადობა;
  • ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით ხელი შეეწყოს სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას.

დაგეგმარების პროცესში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა სავალდებულოა.

კანონის მოთხოვნის შესაბამისად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის  დოკუმენტები თანხმდება დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან. რაც შეეხება დამტკიცებას, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, ხოლო დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს, გარდა დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა, ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი  ორგანო თავის მიერ დადგენილი წესით. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე.

კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება შეიმუშავებს და ამტკიცებს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“ („განაშენიანების ძირითადი დებულებები“). „განაშენიანების ძირითადი დებულებები“–ს საფუძველზე კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეიმუშავებენ და ამტკიცებენ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს“.

 

საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ

გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიის დაგეგმარების პროცესში გასათვალისწინებელია გარემოსდაცვის შემდეგი ძირითადი პრინციპები: 

  • „რისკის შემცირების პრინციპი" – ვალდებულება მიღებულ იქნას სათანადო ზომები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;

 

 

 

  • "მდგრადობის პრინციპი" – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან;
  • "პრიორიტეტულობის პრინციპი" – ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს;
  • "ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების პრინციპი" – საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ბიომრავალფეროვნების შექცევად დეგრადაციას;
  • "რესტიტუციის პრინციპი" –საქმიანობის განხორციელების შედეგად დეგრადირებული გარემო აღდგენილი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით;
  • "გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპი" – ვალდებულება, გათვალისწინებულ და შეაფასებულ იქნას საქმიანობის შესაძლო ზემოქმედება გარემოზე, კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კანონი წყლის შესახებ

წყლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ინტეგრირებული უნდა იყოს:

  • თვითმმართველი ერთეულების მიწათმოწყობის სქემებში;
  • განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში;
  • ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
  • განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებში.

წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება:

  • წყლის ობიექტების დაცვა გაბინძურების, დანაგვიანების, დაშრეტის და სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს წყლის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუარესება, ბუნებრივი თვითგაწმენდის უნარის დაქვეითება, წყლის ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის დარღვევა და სხვა არასასურველი შედეგები;
  • მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების, სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის წყალზე;
  • განსაკუთრებული სამეცნიერო, ესთეტიკური და რეკრეაციული მნიშვნელობის წყლის ობიექტების დაცვა;
  • სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზონებში დადგენილი რეჟიმის განუხრელი დაცვა;
  • წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების გარემოს მდგომარეობაზე გავლენის სარწმუნო პროგნოზირება, შეფასება და აუცილებელი ზომების განხორციელება გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

 

  • წყლის ცალკეული ობიექტებისათვის დაცული ტერიტორიის კატეგორიის მინიჭება;
  • წყლის ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენაჩუნება;
  • ზღვისა და წყლის სხვა ობიექტების, სანაპირო ზოლებისა და ზონების შენარჩუნება და დაცვა;
  • წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია.

წყლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. წყალდაცვითი ზოლის საზღვრების დადგენის წესი, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობის ჩამონათვალი, პირობები და რეჟიმი განისაზღვრება დებულებით „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით:

  • 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 10 მეტრი;
  • 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 20 მეტრი;
  • 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 30 მეტრი;
  • 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის - 50 მეტრი.

ამ ზოლის ფარგლებში აკრძალულია მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა

წყლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად არსებულ ან მშენებარე საერთო დანიშნულების წყალსადენს ან წყალსადენს ტექნიკური მიზნებისათვის, რომელიც ასევე გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებული იქნეს მოსახლეობის წყლით მომარაგებისათვის, უნდა ჰქონდეს წყალმომარაგების იმ ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონა, რომლიდანაც იკვებება.

იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმარების დროს, საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება წყალმომარაგების წყლის ობიექტები, დასადგენი იქნება მათი სანიტარიული დაცვის ზონები, რომლებიც იყოფა განსაკუთრებული რეჟიმის მქონე სამ სარტყლად:

  • პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა) –ტერიტორია, სადაც მდებარეობს წყალმომარაგების წყლის ობიექტი, წყლის აღების უბნებისა და წყალსადენის ნაგებობების განლაგების ფარგლებში;
  • მეორე სარტყელი – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება წყალმომარაგების წყლის ობიექტებს და მათ შენაკადებს;
  • მესამე სარტყელი – მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორია, რომლის არასასურველმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის ქიმიური გაბინძურება.

წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ადგენენ და მათ სარტყლებად ყოფენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოები წინასწარშემუშავებული პროექტის საფუძველზე და ამტკიცებენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის თითოეული ზონის საზღვრები ზუსტად უნდა განისაზღვროს რუკაზე, ხოლო ზონის პირველი სარტყლის საზღვრები უნდა იყოს შემოღობილი, შესაბამისი ნიშნულებით (ბოძები წარწერით და ა.შ.) აღნიშნული და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფილი.

 

სანიტარიული დაცვის ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმები განისაზღვრება წყლის შესახებ საქართველოს კანონით.

საქართველოს კანონი საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიას კვეთს მდინარე ბახვისწყალი.

 

საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ კანონით განისაზღვრება:

  • მდინარის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს მდინარის კალაპოტსა და ჭალას (მდინარის ხეობის  ის ნაწილი, რომელიც იტბორება მხოლოდ წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს). იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა (კალაპოტი) და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლისაგან (სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია კალაპოტსა და სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახმელეთო საზღვრებს შორის).

კანონი საზღვრავს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემის აუცილებლობას – დოკუმენტის, რომელიც ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების საზღვრებს, სანაპირო ზონის სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტს და განსაზღვრავს პრევენციულ ნაპირდაცვის ღონისძიებებს.

საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებსა და თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით შეიმუშავებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

 

საქართველოს კანონი საავტომობილო გზების შესახებ

საქართველოს კანონი საავტომობილო გზების შესახებ საზღვრავს საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესს, რაც გასათვალისწინებელია საპროექტო ტერიტორიაზე არსებული და/ან მასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების სისტემის (ქსელის) ოპტიმიზაციის პროცესში.

საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს სახელწოდება საწყისი და ბოლო დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - ძირითადი შუალედური დასახლებული პუნქტების სახელწოდებაც. დაიშვება გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის სახელწოდების მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.

საავტომობილო გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშებისათვის საწყის და ბოლო წერტილებად მიიღება:

  • საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან გამავალი საავტომობილო გზებისათვის - თავისუფლების მოედანი;
  • დასახლებების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის − შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული შენობები, ფოსტა ან დასახლების ცენტრში განლაგებული სახელმწიფო, მუნიციპალური და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობანი;
  • სხვა გზების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის - შეუღლებული გზების ღერძების გადაკვეთა;
  • გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის - ამ ობიექტის საზღვრები.

საპროექტო ტერიტორიაზე, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით შემოთავაზებული საავტომობილო გზების ოპტიმიზაციის პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ვინაიდან აღნიშნული სამთავრობო დაწესებულება შეიმუშავებს და ახორციელებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.

 

საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს აკრძალვებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით  სარგებლობისას და გასხვისებისას, კერძოდ აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის  ზონების შესახებ

ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნების და მათი დაბინძურების, გაფუჭებისა და გამოფიტვისაგან დაცვის მიზნით ხდება სანიტარიული დაცვის ზონების დადგენა.

ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს განეკუთვნება ტყე, ტყეპარკი, საკურორტო პარკი და სხვა მწვანე ზონები, რომლებსაც აქვს პროფილაქტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ფუნქციები.

საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილებისათვის დგინდება სანიტარიული დაცვის სამი ზონა:

  • პირველი - მკაცრი რეჟიმის, სადაც აკრძალულია:
    • სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან;
    • საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა;
    • სამთო და მიწის სამუშაოები;
    • ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება.
  • მეორე - შეზღუდული რეჟიმის, სადაც აკრძალულია:
    • იმ ობიექტების მშენებლობა და გამოყენება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის განვითარებასთან;
    • ახალი საწარმოო ობიექტების მშენებლობა და არსებულის განვითარება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის კეთილმოწყობასთან და საკურორტო ადგილის ათვისებასთან;
    • მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსებისა და ფერმების მშენებლობა;
    • ნაგავსაყრელების მოწყობა; 
    • შხამ-ქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და ქიმიური ნივთიერებების შენახვა;
    • ახალი სატრანზიტო - საავტომობილო გზების მშენებლობა;
    • სპეციალურ გამწმენდ ნაგებობათა გაუთვალისწინებლად კოლექტიური ავტოსატრანსპორტო სადგომების მოწყობა;
    • შესაბამისი საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის გარეშე ახალი საბინაო მშენებლობის წარმოება, კოლექტიური მებაღეობის ორგანიზება, დროებითი ტურისტული სადგომების მოწყობა;
    • ახალი სასაფლაოების მოწყობა და არსებულის გაფართოება;
    • ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრისა) და მიწის ნაკვეთების ისეთი გამოყენება, რომელიც იწვევს საკურორტო ადგილის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების შემცირებას ან გაფუჭებას.
  • მესამე - სამეთვალყურეო ზონა, სადაც დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე და ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე.

სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით და იგი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი საფუძვლად უნდა დაედოს ტერიტორიული კომპლექსური სქემების, ფუნქციური ზონების, მიწათმოწყობის, რაიონული დაგეგმარებისა და გენერალური გეგმების ამ კანონთან შესაბამისობას.

 

საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმარების ეტაპზე საპროექტო ტერიტორიაზე საჭირო იქნება დაცული ტერიტორი(ებ)ის შექმნა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიების შესაბამისად, რაც მოიცავს შემდეგს: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. ამ მხრივ საინტერესოა ბუნების ძეგლი, რომელიც შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონის შესაბამისად საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო დაცული ტერიტორიების შექმნის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

 

საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი

საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსი საზღვრავს საქართველოს ტყის ფონდის შემდეგ იერარქიულ სახეებს:

  • სახელმწიფო ტყის ფონდი – საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა;
  • სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდი, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების გარდა;
  • ადგილობრივი ტყის ფონდი – სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილი, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმარების ეტაპზე საპროექტო ტერიტორიაზე საჭირო იქნება სახელმწიფო ტყის ფონდის (ტყით დაფარული ან დაუფარავი ტერიტორიების) საზღვრების დადგენა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამთავრობო დაწესებულების კომპეტენციაა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის N 655 ბრძანებულება საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ

აღნიშნული ბრძანებულებით მტკიცდება საქართველოს კურორტების ნუსხა, რომელთაგან ერთ–ერთია ბახმარო, როგორც პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური კურორტი.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე

დასახლებათა ტერიტორიები სგამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები (შემდგომში განაშენიანების ძირითადი დებულებები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

განაშენიანების ძირითადი დებულებების მიზნებია, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე:

  • დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრა;
  • მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობის განსაზღვრა;
  • დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვი სდოკუმენტების მიზნების ფორმირება, შემუშავება, დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და ამ პროცესების საჯაროობა;
  • მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების დადგენა და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა;
  • დასახლებათა მდგრადი განვითარების მიზნით, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფა.

განაშენიანების ძირითადი დებულებები წარმოადგენს დაგეგმარების განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტს, შესაბამისად იგი სრულად უნდა იყოს გამოყენებული ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის შემუშავების თითოეულ ეტაპზე.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 57–ე დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დასახლებათა ტერიტორიები უმეტესწილად დასაგეგმარებელია, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ინტეგრირებულია სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები (ნებართვის გაცემის I სტადიის სახით), რაც განაშენიანების რეგულირების გეგმით უნდა განისაზღვრებოდეს კონკრეტული ტერიტორიისათვის.

57–ე დადგენილების შესაბამისად, იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა, მშენებლობის ნებართვის გასაცემად პირველი სტადიის გავლა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) საჭირო არ არის და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს წარმოადგენს შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმა.

მნიშვნელოვანია, დაგეგმარების ეტაპზე გათვალისწინებული იქნას 57–ე დადგენილების ზემოაღნიშნული დებულება და დაგეგმარების დოკუმენტებში უზრუნველყოფილი იქნას ყველა იმ პირობის არსებობა, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის არის საჭირო.

57–ე დადგენილების შესაბამისად, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მონაწილეობს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, 57–ე დადგენილების შესაბამისად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმაზე საზღვრების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატებისა და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით. აღნიშნული დებულება გასათვალისწინებელია დაგეგმარების პროცესში.