არსებული ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები

ფლორა

რელიეფის მრავალფეროვნება, რთული გეოლოგიური აგებულება, კლიმატური პირობების თავისებურება და ეკოსისტემების ნაირგვარობა განსაზღვრავს გურიის რეგიონის ფლორის მრავალფეროვნებას, რომელთა შორის რაოდენობრივი და პოპულაციური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს იშვიათ, ენდემურ და რელიქტურ სახეობებს.

ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია აღმოსავლური ნაძვის Picea orientalis, სოჭის Abies nordmaniana  და კავკასიური ფიჭვის Pinus caucasica მარადმწვანე ტყის კორომებისაგან.

სურათი 1: ბახმაროს ქვაბული ნაძვნარ-სოჭნარ-ფიჭვნარი ტყით

 

რეგიონის მცენარეულობა კანონზომიერად იცვლება, როგორც ზღვიდან დაშორების, ისე სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით. მცენარეულობის სარტყლიანობის კოლხური ტიპი წარმოდგენილია სამი სარტყლით - ტყის, სუბალპური და ალპური.

ტყის სარტყელი მოიცავს მთისწინების ზოლს, მთის ქვემო და შუა სარტყლებს (იხ. ტყის ფენა რუკა 3-ზე). ამ სარტყლის მცენარეულობა ყველაზე უხვი და მრავალფეროვანია. გაბატონებული ძირეული ფორმაციების მიხედვით ტყის სარტყელში გამოიყოფა ქვესარტყელები:

შერეული ფართოფოთლოვანი ტყეების ქვესარტყელი მოიცავს მთისწინების ზოლს და მის ქვემო სარტყელს, ზ.დ.1000-1200 მ-მდე, გაბატონებულია პოლიდომინანტური შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები, სადაც ტყის შემქმნელი სახეობებია: წაბლი Castanea sativa,  წიფელი Fagus orientalis, მუხა Quercus sp., კავკასიური რცხილა Carpinus caucasica, ლეკა Acer platanoides, კავკასიური ცაცხვი Tilia caucasica, მდგნალი salix caprea, მურყანი Almus barbata.  ქვეტყის ჯიშებიდან გავრცელებულია ბაძგი(ჭყორი) Ilex colchica, წყავი Laurocerasus officinalis, შქერი Rhododendron ponticum, ძმერხლი Ruscus colchica, კავკასიური მოცვი Vaccinium arctostaphylos, კოლხური ჯონჯოლი Stapylea colchica, ტაბლაყურა Evonymus latifolia, იელი Rhododendron flavum და სხვ. შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები მდიდარია ლიანა(ხვიარა) მცენარეებით, ხეებზე გვხვდება ეპიფიტებიც.

სურათი 2: შერეული ფართოფოთლოვანი ტყე

 

მუხის სახეობებიდან, აღსანიშნავია ბუჩქოვანი ტიპის პონტური მუხა Quercus pontica.(VU), რომლებიც ტყის მოცემულ ქვესარტყელშია გავრცელებული და გაუვალ მასივებს ქმნის; ეს დაჯგუფება შესაფერის რელიეფურ პირობებში საკმაოდ ღრმად იჭრება სუბალპური სარტყლიდან ტყის სარტყელში და იკავებს მის ტერიტორიას. პონტური მუხა Quercus pontica  ფართო დაჯგუფებას ქმნის ათობით ჰექტარ ფართობზე, ფოთლოვანი ტყის ზონაში ზ.დ-დან 1200-1400მ. სიმაღლეზე, სოფელ ჩხაკოურას ზემოთ, კურორტ ბახმაროს გზის მიმდებარედ, სამხრეთ-დასავლეთისკენ მიმართულ ფერდობებზე. 

სურათი 3: პონტური მუხა Quercus pontica

 

მუქწიწვიანი ტყის ქვესარტყელი გურიის რეგიონში გავრცელებულია 1500 მ-დან 2000-2200 მ-მდე. სარტყელი ხასიათდება ცივი ჰავით და ნალექების დიდი რაოდენობით. მთავარ ტყისშემქმნელ ჯიშებს ამ სარტყელში წარმოადგენს აღმოსავლეთის ნაძვი Picea orientalis და კავკასიური სოჭი Abies nordmanniana, რომლებსაც ერევა აღმოსავლეთის წიფელი Fagus orientalis, სადაც, სოჭი წიფელთან ერთად ქმნის კოდომინანტურ ცენოზებს. წიწვიანი ტყის ტიპებიდან დიდ ფართობზეა წარმოდგენილი აგრეთვე წმინდა ნაძვნარები, ნაძვნარ-სოჭნარები და წმინდა სოჭნარები. გვხვდება წმინდა წიფლნარი და წიფლის სიჭარბით შერეული წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის დაჯგუფებებიც.

ამგვარი ცენოზები უმეტესად გავრცელებულია ტყის ზედა საზღვარში, განსაკუთრებით  ბახმაროს ქვაბულში, მის მიმდებარე ჩრდილო-სამხრეთ და  დასავლეთის ფერდობებზე.

მუქწიწვიანი ტყის საფარი, ასეთივე სიხშირით არის წარმოდგენილი, ბახმაროსთან ახლოს, მდ.გუბაზეულის ხეობის სათავეებთან სოფ.ზოტიყელის მიმართულებით, სადაც ზ.დ. 2300 მ-დე განლაგებულია მემთეურების (დროებითი მაცხოვრებლები) თვალწარმტაცი სოფლები: ყავრიანი, კატრიანი, გრძელგორი, ხახუტა, პატარა და დიდი კერჩხიანი, ზოდმელა და ზოტი, საზაფხულო საძოვრებით.

ნაძვნარ-სოჭნარი ტყის ფარგლებში წიწვოვან მცენარეებს,  წიფელთან ერთად აქა-იქ ერევა ფართოფოთლოვანი ტყის შემქმნელი ელემენტებიც. მაღალმთის ნეკერჩხალი(ბოკვი) Acer pseudoplatanus, მთრთოლავი ვერხვი Populus tremula კავკასიური ცაცხვი Tilia caucasica, ჩვეულებრივი იფანი Fraxinus, ლიტვინოვის არყი Betula litwinowii (იშვიათად). მუქწიწვიანი ტყის ქვესარტყელში ქვეტყე შედარებით მეჩხერია, რომელსაც ქმნის: შქერი Rododendron ponticum, ჭყორი Ilex colchica, წყავი Laurecerasus officinalis, კავკასიური მოცვი Vaccinium arctostaphylos, ჯიქა Lonicera caprifolium და სხვ.

ქვესარტყელის გავრცელების ფარგლებში ნაძვი და სოჭი ქმნის მაღალმწარმოებლურ შერეულ ტყეებს, რომლებსაც ისევე, როგორც წიფლის ტყეებს მეტად მნიშვნელოვანი სოციალურ-დაცვითი ფუნქციები აქვს. ნაძვნარ-სოჭნარი ტყეები ძვირფასი ჯიშების მერქნის მიღების წყაროს წარმოადგენს. ასეთი თვისებების გამო, გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, მასიურად ხდებოდა მაღალმწარმოებლური ხეების გაჩეხვა და ფაქტიურად შუახნოვანი, მწიფე და დაუავადებელი ხეები ცოტა დარჩა აღნიშნულ ტყის სარტყელში, კერძოდ კი ბახმაროს ტერიტორიის ფარგლებში, სადაც განსაკუთრებული სიხშირით იყო გავრცელებული ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეთა სახეობები. ჩვენდა სასარგებლოდ, აღნიშნული წიწვოვანი მცენარეების აღმონაცენებით მიმდინარეობს ბუნებრივი გატყიანების პროცესი.

სურათი 4: ბუნებრივი გატყიანების პროცესი

 

მშრალ და ღია ადგილებში, უმეტესად სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, სარტყლის ფარგლებში გავრცელებულია კავკასიური ფიჭვის Pinus caucasica ტყეები. ფიჭვნარების კალთა არაა შეკრული და ამიტომ კარგადაა განვითარებული ბუჩქებისა და ბალახოვანი მცენარეების სინუზიები.

 

კურორტ ბახმაროს სიახლოვეს, ბახვისწყლის, გუბაზეულის, ჩხაკაურასწყლის და სხვა მდინარეთა ხეობებში, ზ.დ-დან 900-1000მ-ის მაღლა 2000მ-მდე კი გავრცელებულია თავისებური ტიპის ბუჩქნარები, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი “შქერიანს” უწოდებენ. ამგვარი ფიტოცენოზების შექმნაში მონაწილეობს კოლხეთის ფლორის მესამეულის დროინდელი რელიქტი, როგორიცაა: წყავი Laurucerasus officinalis, შქერი Rhododendron ponticum, მოცვი Vaccinium arctostaphylos, იელი Rhododendron luteum, ბაძგი Ilex colchica, ძახველი Viburnum opulus, ძმერხლი Ruscus hypophyllum და სხვა მრავალი. ბუჩქნარების შეკრულობის გამო  ბალახეული საფარი სუსტადაა განვითარებული, თუმცა გვიმრანაირები საკმაო სიუხვით გვხვდება.

აღნიშნული ტიპის ბუჩქნარები, სხვადასხვა მკვლევარების აზრით (კეცხოველი, სინსკაია) ანთროპოგენური წარმოშობისაა და განვითარებულია გადამწვარი ტყეების ნაალაგარზე. მსგავს ადგილებში ტყის მოსპობის შემდეგ დარჩენილი ქვეტყის ბუჩქები  იმდენად მომძლავრდნენ, რომ შეუძლებელია ტყის ძირითადი სახეობების განახლება. უტყეო ადგილებში, მეტწილად ინვერსიულ ღარტაფებში განვითარებულია შქერიანის რაყეები.

ზემოაღწერილი ტყეების მაღლა მდებარეობს სუბალპური სარტყელი; მისი ზედა საზღვარი ზღვის დონიდან საშუალოდ 2000-2200მ-იდან ალპურ მდელოებამდე მდებარეობს. ამ სარტყელში წარმოდგენილია მდელოების, ბუჩქნარებისა და სუბალპური ტყეების კომპლექსი. გურიაში, კერძოდ ბახმაროს ქვაბულის ირგვლივ გვხვდება მეჩხერი სუბალპური ტყე, რომელსაც ძირითადად ქმნის მაღალმთის ბოკვი-Acer trattvetteri და არყი Betula litwinowii. ამნაირ ტყეში ხეები ერთმანეთისგან მოშორებით იზრდება, მათ შორის სივრცე დაფარულია ბალახოვანი მცენარეებით და ნიადაგის ზედაპირი მეტწილად გაკორდებულია. სუბალპური მეჩხერი ტყეები გურიაში იშვიათად გვხვდება და იგი მეტწილად მეორეული წარმოშობისაა.

ბახმაროს ქვაბულის ირგვლივ - სუბალპებში, უფრო მეტად გავრცელებულია ტანბრეცილი ტყეები. იგი ჩვეულებრივ განვითარებულია ჩრდილოეთის და დასავლეთის ფერდობებზე ჩაღრმავებულ ღარტაფებში, ძირითადად ისეთ ადგილებზე, სადაც თოვლის საფარი ღრმაა და ხანგრძლივად დევს. ამ ტიპის კორომებს ქმნის ლიტვინოვის არყი Betula litwinowii და ცირცელი Sorbus caucasigena. ამავე სარტყელში ხშირად შევხვდებით სოჭის, ნაძვის და წიფლის დაბალტანიან, მეჩხერ კორომებს, კარგად განვითარებულ ბალახოვან მცენარეთა და ბუჩქნართა სინუზიებთან ერთად. ბუჩქნარებიდან უმთავრესი კომპონენტია დეკა-Rhododendron caucasicum და მაღალი მოცვი Vaccinium arctostaphylos, V. mirtillus. დეკა გვხვდება ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე, გარდა სამხრეთისა.

 

სუბალპური მაღალბალახეულობა გამოირჩევა კოლხური სახეობების სიუხვით, რომელშიც დომინირებს პოლიდომინანტური შედგენილობის მაღალბალახეულობა. ფართოფოთოლა დუცი Agasyllis latifolia, მთის ღოლო Rumex alpinus, ხარისშუბლა Senecio platyphylloides, კულმუხო  Inula helenium, მზიურაInula magnifica, სამტატა Pyrethrum macrophyllum, ტელეკია მშვენიერიTelekia speciose, ნამიკრეფია Agrostis capillaria, ბრძამი Calamagrostis arudinacea და მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები, რომლებიც მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი: ცხვრის წივანა Festuca ovina, სამყურები Trifolium ambiguum, კავკასიური კურდღლისბრჩხილა Lotus caucasicus, ბაია Ranunculus, ვარსკვლავა Astrantia, ბაბუაწვერა Taraxacum, ნემსიწვერა Geranium, მარმუჭი Alchemilla, დიდყვავილა ბარისპირა Betonica macrantha, ცის ფოლიო Scabiosa caucasica,  ჩვეულებრივი ფრინტა Anemone fasciculate  და ბევრი სხვა.

ალპური სარტყელი  - გამოსახულია ცალკეულ მწვერვალებზე, რომელთა სიმაღლე ზ.დ.-დან 2500მ.-ზე მეტია (საყორნია, სანისლო და სხვა). ალპურ მდელოთა შორის გაბატონებულია პოლიდომინანტური მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები, რომლებსაც ქმნის ალპური თივაქასრა Poa alpina, ძიგვა Nardus stricta, წივანა Festuca, ისლი Carex, სამყურები Trifolium sp., უძოვარაTrollius ranunculinus, ნემსიწვერას Geranium, მაჩიტას Campanula sp და ბაიას Ranunculus სხვადასხვა სახეობები და სხვ. ჩრდილო ფერდობებზე გავრცელებულია ალპური დეკიანის Rhododendron caucasicum რაყეები.

სურათი 5: დეკა - ალპურ ზონაში

 

რეგიონის ტყე და მისი მნიშვნელობა

სახელმწიფო ტყის ფონდის დახასიათების მიხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტყიანობის პროცენტი შეადგენს 66,4%, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია გურიის რეგიონში შემავალ რაიონებს შორის (ოზურგეთი, ლანჩხუთი). გურიის მხარის ტყეების ნაწილი (ჩოხატაურის რაიონი) მთებშია განლაგებული. ისინი ასრულებენ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვან სოციალურ-დაცვით ფუნქციებს, როგორიცაა: ნიადაგდაცვითი, წყალშენახვითი, წყლის მარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური, რეკრიაციული და სხვა სასარგებლო დაცვითი ფუნქციები. კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტების (ბახმარო,ნაბეღლავი) გარშემო  განლაგებული ტყეები ასრულებენ მათი სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის ფუნქციებს; აუმჯობესებენ კურორტების მიკროკლიმატს და განაპირობებენ დამსვენებლისათვის კომფორტული პირობების შექმნას.

ტყეების მიმართ კი უდიერი მოპყრობის შედეგად, გურიის რეგიონში ხშირია მეწყერები, რაც დიდი ზიანის მომტანია, როგორც ქვეყნისთვის ისე მოსახლეობისათვის.

2016 წლის ზაფხულში, კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად, წიწვოვანი ტყის სარტყელში ნიადაგიდან ამოიძირკვა, ხნოვანების ჯგუფის მიხედვით - სოჭის, ნაძვის და ფიჭვის მაღალვარჯოვანი მწიფე ხეები, რომელსაც რამდენიმე სახლის ნგრევაც მოჰყვა. ასეთმა სტიქიამ კიდევ უფრო შეამცირა, ბახმაროს ტყის ფერდობებზე არსებული მწიფე ხეების რაოდენობა.

 

ბახმაროს ქვაბულში გავრცელებული ბალახოვანი მცენარეულობა

საველე კვლევა ჩატარდა 2016 წლის ივლისის პირველ დეკადაში და სექტემბრის ბოლოს. შესწავლა წარმოებდა მრავალწლიანი ხე-ბუჩქებით, ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში მოყვავილე მცენარეებით, ბალახების ხმელი ნარჩენებით და ზოგიერთი კონსტანტური მცენარეების ცოცხლად შემორჩენილი მოზამთრე ვეგეტატიური ნაწილებით.

ღვინა
Fritillaria latifolia

ფურუსულა
Primula auriculata

დიდბაია
Caltha polypetala

ცისთვალა და ბუჩქისძირა
Scilla siberica; Corydalis

შხამა
Veratrum lobelianum

გუგულის კაბა და ბურბუშელა
Orchis lobelianum; Taraxacum

მთის ჩადუნა
Dryopteris filix

ბუჩქისძირა და კესანე
Corydalis; Myosotis alpestris

ქერიფქლა
Verbascum

ნაღველა
Gentiana angulosa

შვიტურა
Hippuris vulgaris

მთის ღოლო
Rumex Alpinus

ნარი
Onopordum acanthium

დათვისსოკო
Boletus edulis

სათოვლია
Colchicum umbrosum

სურათი 6: ბახმაროს ქვაბულში გავრცელებული ბალახოვანი მცენარეულობა

 

ფაუნა

რეგიონის ფაუნა მოიცავს ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა სისტემატიკური კატეგორიის წარმომადგენლებს, დაწყებული უმარტივესებით და დამთავრებული ძუძუმწოვრებით, რომელთა სახეობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული (ადამიანის ზემოქმედებიდან გამომდინარე).

საკვლევ ტერიტორიაზე მტაცებელ ცხოველთა და ფრინველთა სახეობების მოხვედრის დიდი ალბათობა არსებობს, რადგანაც ბახმაროს ქვაბული და მისი მიმდებარე ტყიანი მასივები კარგი   თავშესაფარია გარეული ცხოველებისათვის;

ფრინველები: გარდა მობინადრე ფრინველებისა, საკვლევ დერეფანზე, გადამფრენ ფრინველთა ევრაზია-აფრიკის სამიგრაციო მარშრუტი გადის, სადაც  გაზაფხულსა და შემოდგომაზე შორეულ მოგზაურობაში დაძრულ სხვადასხვა ფრინველთა გუნდებს შევხვდებით (კაკაჩები, კირკიტები, ძერები, არწივი, ქედნები, ბატები, წეროები და სხვ.). 

საველე  მუშაობის დროს (2.10.2016 წ), ე.წ. მზის ჩასვლის გორაზე, კლდოვან ფლატეებზე ყორნების Corvus corax გუნდი აღვრიცხეთ, რომლებიც ზამთარშიც არ ტოვებენ თავიანთ ადგილსამყოფელს (რეინჯერების ნაამბობი); ბახვისწყლის ხეობაში, სოფ.შედრეკილთან მთის არწივი Aguila chrysaetus (VU) და ქედანი Columba palumbus ვნახეთ. ქვაბულის ტერიტორიაზე, მდინარისპირა ვაკე მდელოზე, ჭარბტენიან ადგილებში მთის ბოლოქანქარა Motakilla cinerea შეგვხვდა. წიწვოვანი ტყის ზედა ნაწილში, არყნარებსა და დეკიანებში დავაფიქსირეთ თეთრგულა შაშვი Turbus torguatus, თოხიტარა Aegythalos caudatus, მთის გრატა Emberiza cia.

წიწვოვანი ტყის მასივში კი ბინადრობს ჩხიკვი Garrulus glandarius და კლდოვან ფერდობებზე ჩვეულებრივი ცოცია Sitta europaea.

ლიტერატურული მონაცემებით, მოსახლეობასთან  გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციით და ჩვენი კვლევების მიხედვით გაირკვა, რომ ძუძუმწოვრებიდან  სამიზნე ტერიტორიაზე ბინადრობს ან წელიწადის სხვადასხვა დროის განმავლობაში სტუმრობს: მურა დათვი Ursus arctos (RE), კავკასიური მგელი(ხშირად) Canis lupus; არჩვი Rupicapra rupicapra (EN) მაღალ მთებში, ალპურ მდელოებზე და სუბალპური ზონის მეჩხერ ტყეებში ბინადრობს და მხოლოდ ზამთარში ჩამოდის ქვედა ზონაში; ხშირია მელა Vulpes vulpes, ტყის კატა Felis silvestris, კლდის - ანუ თეთრყელა კვერნა Martes martes,  დედოფალა Mustela nivalis, ევროპული კურდღელი Lepus europaeus.

საველე გასვლის დროს, ადრე დილით, ბახმაროს ტერიტორიაზე დავაფიქსირეთ ევროპული კურდღელი Lepus europaeus და მელა Vulpes vulpes.

 

ადგილობრივების თქმით  ხშირია ნახირზე დათვის და მგლების თავდასხმა, დიდთოვლობის დროს შვლის შემოსვლის შემთხვევა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაგვიდასტურეს, მდ. ბახვისწყლის, გუბაზეულის და ჩხაკაურასწყლის ხეობაში გარეული ღორის შემოსვლის ფაქტებიც.

გარდა ზემოთ აღწერილი ცხოველებისა, საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში გავრცელებულია სხვადასხვა მცირე ძუძუმწოვართა პოპულაციები: განსაკუთრებული სიმრავლით აღირიცხება ტყის თაგვი. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ პოპულაციათა მსგავსი სიმრავლე სხვა წლებში არ ყოფილა. ამას ადასტურებს ტყეში სოროების მრავალრიცხოვნობა;  მინდვრის თაგვი Apodemus agrarius, მცირე ტყის თაგვი Sylvaemus uralensis, ბუჩქნარის მემინდვრია Microtus majori, კავკასიური თხუნელა Talpa caucasica., ფუღუ Suncus etruscus, ღამურისებრი Vespertilionidae.

ტყის თაგვების და ფუღუს სოროები

 

საყურადღებოა, კანონმდებლობით დაცული სახეობებიდან - წავის Lutra lutra (VU) მურა დათვის Ursus  arctos (RE), ფოცხვერის Lynx lynx (CR) და არჩვის Rupicapra rupicapra (EN) არსებობა საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში.).

სოფლების - ზოტის, ქვაბღას და ჩხაკოურას მაცხოვრებელთა ნაამბობის მიხედვით, მდინარეებში  (გუბაზეული, ჩხაკაურასწყალი)  და სოფლებში არსებულ საკალმახე აუზებში ხშირია წავის Lutra lutra (VU) მიერ თევზის განადგურების შემთხვევები, რის გამოც თევზსაშენის მფლობელები მიმართავენ დაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წავი Lutra lutra  (VU)  ხეობაში საკმაოდ გავრცელებული ცხოველია.

მდინარეში თევზის სიმრავლე კი ხელშემწყობი ფაქტორია წავის არსებობისა და გამრავლებისათვის. ვფიქრობთ, გამორიცხული არ უნდა იყოს ბახმაროს ტერიტორიაზე, მდ.ბახვისწყალში წავის არსებობა, განსაკუთრებით კალმახის სამიგრაციო პერიოდში.

ქვეწარმავლებიდან ყველაზე ხშირია -  კლდეზე მცოცავი ქართული ხვლიკი, წითელმუცელა და ართვინული ხვლიკები (Darevskya rudis, Darevskya parvula, darevskya deriugini); გველებიდან, მისი ცხოვრების ნირიდან გამომდინარე, აღნიშნულ ზონაში გავრცელებული უნდა იყოს -  ვიწრო არეალის მქონე სახეობა, დასავლეთ კავკასიის ენდემი, სტატუსით ‘’საფრთხეში მყოფი“ (EN) კავკასიური გველგესლა Vipera kaznakovy, რომლის ტიპიურ ჰაბიტატს წარმოადგენს მთისა და მთისწინეთის ტყეები, სადაც ბინადრობს ნოტიო ტყეებში, ტყის ველობებზე და სუბალპურ-ალპური მდელოს სათიბებში.

 

2007 წლის ივლისში, ბახმაროში, ვაკიჯვრის ქუჩაზე დასახლებულ უბანთან ახლოს, მაღალი ბალახებით დაფარულ მდელოზე, ყვავილების კრეფის დროს წავაწყდით კავკასიურ გველგესლას. ადგილობრივ მენახირეებთან გასაუბრების შედეგად კი გამოირკვა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აღნიშნული სახეობის ( Vipera kaznakovy) ქვეწარმავალი ბახმაროს ტყეებში და ალპურ სათიბებში არ შეხვედრიათ.

ამფიბიებიდან საკვლევ ტერიტორიაზე ბინადრობს: ტყის ბაყაყი Rana rididunda, მცირეაზიური ბაყაყი Rana macrocnemis.  კავკასიური ჯვარულა Pelodytes caucasicus  და სავარცხლიანი ტრიტონი Triturus karelini დავაფიქსირეთ, საველე სამუშაოების შესრულების დროს (17. 07.2014 წ.) ბახვისწყლის ხეობაში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე, პატარა ბახმაროს დასახლებასთან ახლოს,  მთის ნაკადულით შექმნილ გუბურაში.

კავკასიური ჯვარულა

ტრიტონი

თევზები - მდ.ბახვისწყალი ტიპიური მთის  მდინარეა,  ბახმაროს ტერიტორიაზე იგი ვაკე მდელოზე მიედინება. მასში ბინადრობენ თევზის ისეთი სახეობები, რომელსაც უყვარს ჩქარი მდინარეები, ქვიშა და ოლიგოტროპული პირობები; ასეთია: მდინარის კალმახი Salmo trutta fario (VU).

ა.წ. სექტემბრის ბოლოს, ბახმაროს მკვიდრმა - ნოდარ გიორგაძემ ხიდიდან შენიშნა მდინარეში დინების საწინააღმდეგოდ მოძრავი თევზების ნაკადი, რომლებიც ტოფობის პერიოდში სათავეებისკენ მიემართებოდნენ.

უხერხემლო ცხოველები - საკვლევი ტერიტორიის უხერხემლო ცხოველთა ფაუნის წარმომადგენლები ძირითადად მეზოფილური სახეობებია, რომლებიც გვხვდებიან  მთის ტყეების სარტყელში, ტყისპირა და ნატყევარზე განვითარებულ ბალახეულ მცენარეულ ფორმაციებთან და ტყის მერქნიან მცენარეებთან.

მაღალ მთაში მობინადრე ორგანიზმებიდან, განსაკუთრებით საინტერესოა პეპლები;  მათ შორის არის ენდემი, რელიქტი და იშვიათი სახეობა -  კავკასიური  აპოლონი Allancastria caucasica (VU).

საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში წარმოდგენილია უხერხემლო ცხოველთა შემდეგი ჯგუფები: ნემატოდები Nematoda, მცირეჯაგრიანები Oligocheta,  კიბოსნაირები Crustacea, ობობასნაირები Arachnida, მწერები insecta.

უმდაბლესი კიბოსნაირები - ENTOMOSTRACA რიგი - დატოტვილულვაშიანები - Cladocera მტკნარი წყლის პლანქტონში, მდინარეებსა და მის შენაკადებში დომინანტურ ფორმებს წარმოადგენენ. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება დაფნიები, ანუ წყლის რწყილების ოჯახის წარმომადგენლები - Daphnia magna, D. pulex, Simocephalus vetulus, რომლებიც საქ-ოს ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული, თითქმის ყველა ვერტიკალური ზონის მდინარეებში; ამ თვალსაზრისით, საინტერესო რიგის წარმომადგენელია ისეთი თევზებისათვის როგორიცაა მთის კალმახი, რომელსაც თავისი ცხოვრების ნირიდან გამომდინარე უხდება არსებობა ოლიგოტროფულ (საკვებით ღარიბი ) ზონაში.