ლელობურთი

სამომავლოდ, ასევე შესაძლებელია რეგიონში საკმაოდ პოპულარული სპორტის სახეობის - ლელობურთის გამართვა ბახმაროში.

ლელობურთი საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული სპორტული აქტივობაა დასავლეთ საქართველოს სოფლებში და ქალაქებში, მას დიდი ტრადიცია გააჩნია, ლელოს ძირი უხსოვარ დროში იკარგება. ლელო ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული წარმართული თამაშია, რომელშიც წითელი ბურთი მზეს განასახიერებდა. ლელო დღე-სასწაულებზე ეწყობოდა. ნაკურთხ ბურთს მღვდელი ააგდებდა ხოლმე.

XIX საუკუნის პრესა მოგვითხრობს ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, კულაშში და ტფილისში - დიდუბესა და საბურთალოზე გამართულ ბურთაობათა ამბავს.

1930-იან წლებში ხალხურ ლელოს წესები დაუდგინდა. II მსოფლიო ომის შემდეგ იმართებოდა "რესპუბლიკის პირველობა" და გუნდში მოთამაშეთა რიცხვი ჯერ (1938) 30 იყო, შემდეგ (1949) 15, ბოლოს (1980) კი 13. დღეს გუნდი 12-მოთამაშით კომპლექტდება. არსებობს საქართველოს ლელოს ფედერაცია, რომელიც ხელს უწყობს ამ სპორტული აქტივობის განვითარებას.

ბახმაროსთვის ლელობურთი შესაძლოა განვიხილოთ, დოღის შემდეგ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სანახაობრივ მოვლენად ზაფხულის სეზონისთვის. ლელოს ჩასატარებალად საჭიროა 150-300 მეტრის სიგრძითა და 70 - 100 მეტრის სიგანით სწორი, ბუნებრივი საფარით მოწყობილი მოედანი. ლელოს ორგანიზება შეუძლია გასწიოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ლელოს  ფედერაციასთან ერთად, ადგილობრივი სოფლების მაცხოვრებლების მონაწილეობით.

წყარო: საქართველოს ლელოს ფედერაცია http://lelo.comyr.com/