ზაფხულის აქტივობები

ზაფხულის აქტივობები და ტურისტული მომსახურების საშუალებები

ზაფხულის აქტივობები და ტურისტული მომსახურების საშუალებები მოიცავს: დოღის, საცხენოსნო ტურისტული მარშრუტების და ინფრასტრუქტურის, ლელობურთში შეჯიბრის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის, გადასახედი ადგილების, ტობოგანის და სხვა აქტივობების განვითარებას.

 

დოღი

ბახმაროს ყოველწლიური დოღი, რომელიც 19 აგვისტოს ფერსიცვალების დღესასწაულს ემთხვევა, კურორტის მთავარი მოვლენა ხდება და ასეულობით ადამიანს იზიდავს ერთი დღის განმავლობაში.

დოღის ჩასატარებელი ადგილი, როგორც უშუალოდ შეჯიბრის საცხენოსნო ტრასები, ასევე სამაყურებლო ნაწილი, საჭიროებს ურბანული/ლანდშაფტის დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას.

ამ ღონისძიებასთან და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე.

 

გადასახედი ადგილები

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია გარშემორტყმულია მთებით, რომელთა მწვერვალებიდანაც საუცხოო ხედები იშლება. საკმაოდ პოპულარულია მზის ამოსვლისა და მზის ჩასვლის მთები. ისინი სწორედ გურიის და კოლხეთის დაბლობის ლანდშაფტის საცქერლად გამოიყენება, მზის ამოსვლისა და ჩასვლის ფონზე.

დოღის შეჯიბრის შემდეგ ბახმაროში ჩამოსული სტუმრები მზის ჩასვლის მთაზე (გორაზე) ადიან და მზის ჩასვლას ადევნებენ თვალს.

გადასახედი ადგილების შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი და კულტურული ღირებულების გამოვლენა და შესაბამისი ურბანული თუ ლანდშაფტის დიზაინის ამოცანების დასახვა.

პირველადი დაკვირვებით შესამჩნევია, რომ მზის ჩასვლისა და განსაკუთრებით მზის ამოსვლის მთაზე მისასვლელი გზის არარსებობის და ცუდი ინფრასტრუქტურის გამო, ასვლა კურორტის ყველა დამსვენებლისთვის არაა შესაძლებელი.

ასევე საინტერესოა საყორნიის მთა (2755 მ), რომელიც გურია-აჭარის ამ რეგიონში ყველაზე მაღალ წერტილს წარმოადგენს. სამომავლოდ, საბაგირო გზების დაყენებასთან ერთად, შესაძლებელია, ეს მთები საკურორტო - საზაფხულო დასათვალიერებელი ტურის მიზნით, კურორტის ნებისმიერი დამსვენებლისთვის იყოს მისაწვდომი.

 

ტობოგანი

ტობოგანისთვის შესარჩევი ადგილი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რადგან ის შესაძლებელია გადაიკვეთოს სამომავლო სათხილამურო ტრასებთან და ბილიკებთან.