დოღი

 

ბახმაროს ყოველწლიური დოღი, რომელიც 19 აგვისტოს ფერსიცვალების დღესასწაულს ემთხვევა, კურორტის მთავარი მოვლენა ხდება და ასეულობით ადამიანს იზიდავს ერთი დღის განმავლობაში. ყოველწლიურად ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება და ფაქტიურად საკურორტო (ზაფხულის) სეზონის დასასრულს იმართება.

დოღი მდინარე ბახვისწყლის კალაპოტში ღია სივრცეში იმართება და ბევრ ადამიანს იტევს. წელიწადის ამ დროს მდინარე საგრძნობლად იკლებს და მისი გადაკვეთა ადვილია. რბოლის ტრასა ორივე ნაპირს გასწვრივ მიუყვება და ორ ადგილას კვეთს მდინარეს, სრულდება ბაზრის ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც დოღის სანახავად მოსულ მაყურებელს ადგილობრივი ნაწარმის დათვალიერებისა და შეძენის საშუალება აქვს.

დოღის ჩასატარებელი ადგილი, როგორც უშუალოდ შეჯიბრის საცხენოსნო ტრასები, ასევე სამაყურებლო ნაწილი, საჭიროებს ურბანული/ლანდშაფტის დიზაინის ამოცანების გადაწყვეტას.

მაგალითად, ფოტოზე აღნიშნული ადგილი რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე, შემაღლებული ბორცვია, საიდანაც მთლიანი დოღის ტრასისა და ფინიშის ხაზის დანახვა თავისუფლადაა შესაძლებელი და სამაყურებლო დასაჯდომ და დასადგომ ქანობს წარმოადგენს. ეს ადგილი პრაქტიკულადაც ასე გამოიყენება, თუმცა საჭიროა მისი კეთილმოწყობა - მისასვლელი ბილიკების, დასაჯდომების, უსაფრთხოების მიზნით მოაჯირების მოწყობა და სხვა.