სასოფლო - სამეურნეო მიწები

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და მათი სამომავლო განვითარება.

ზოგადი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიას აქტიურად იყენებდნენ და კვლავაც იყენებენ  ზაფხულის საძოვრებად, გურიისა და ზემო აჭარის მოსახლეობა პირუტყვებისთვის. გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე ამოყავთ პირუტყივი და მინდვრებზე აბალახებენ.

მწყემსებისთვის მათი ოჯახებისა და პირუტყვის ღამის გასათევად საძოვრებზე მრავლადაა მიმოფანტული შენობა-ნაგებობები, ან დასახლება საკარმიდამო მიწით, კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის მცირე მეურნეობებით.

მნიშვნელოვანია, ტრადიციული გამოყენებების იდენტიფიცირება და არსებული მიწის გამოყენების რუკაზე აღნიშვნა მათი, როგორც  სამომავლო მიწის გამოყენების კომპონენტში ინტეგრირებისთვის ან კონფლიქტის წარმოსაჩენად.

დღეს სასოფლო დასახლებებს და თავად სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კურორტის ნატურალური საკვები და სხვა პროდუქციით მომარაგებაში.  დაგეგმვისა და მართვის ეტაპზე ხელი  უნდა შეეწყოს კურორტთან ერთად ამ  კომპონენტის ჰარმონიულ განვითარებას.

 

სახნავ-სათესი ფართობები

ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახნავი ფართობების ზღვის დონიდან 1600-2200 მ-ზე მდებარეობს, რის გამოც იგი მიეკუთვნება მებოსტნეობის წარმოების ცივ მაღალმთიან ზონას, რაც განაპირობებს მოკლე სავეგეტაციო პერიოდის არსებობას და მნიშვნელოვნად ზღუდავს ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

საპროექტო ტერიტორიაზე სახნავი მიწების საერთო ფართობი დაახლოებით 45 ჰა-ს შეადგენს, რომელიც ამჟამად უმეტესად ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვის გამოიყენება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მეურნეების დიდი ნაწილი მემწვანილეობას მისდევს და უახლოეს ქალაქებს მნიშვნელოვანი რაოდენობით სხვადასხვა სახის მწვანილს აწვდის.

სახნავად გამოყენებული ფართობები ძირითადად ხვდება ყომრალი და მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგების ზონაში, რომლებიც ს/ს წარმოების პირობებში საჭიროებენ ეროზიისგან დამცავი ღონისძიებების გატარებას, განსაკუთრებით ფერდობებზე, სადაც ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საფრთხე გასაკუთრებით მაღალია. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული 15 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობებზე განთავსებული ნაკვეთების დამუშავება. მსგავსი ფართობები შესაძლებელია გამოყენებული იყოს სათიბად ან საძოვრად. ამასთან, რეკომენდებულია სახნავ ფართობებზე მოზამთრე საფარი კულტურების თესვა, რომლებიც ერთის მხრივ დაიცავენ ნიადაგს ეროზიისგან და მეორეს მხრივ გააუმჯობესებენ მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს.

აღნიშულ ფართობებზე, მემწვანილეობასთან ერთად,  შესაძლებელია სახვადასხვა ჯიშის სალათის მოყვანა, რომელთა უმრავლესობა კარგად ეგუება დაბალ ტემპერატურას. სათანადო მოვლის პირობებში მოკლე სავეგეტაციო პერიოდის (45-65 დღე) მქონე ჯიშების მოსავლიანობა 0.5-1.5 ტ/ჰა-ს აღწევს.

უხირხატო და შედარებით ღრმად განვითარებულ ნიადაგებზე შესაძლებელია სტაფილოს საადრეო ჯიშების (60-90 დღე) და თვის ბოლოკის (30-60 დღე) მოყვანა.

 

სათიბ-საძოვრები

ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს ალპურ და სუბალპურ მდელოებს, რომლებიც ძირითადად სათიბ-საძოვრებად გამოიყენება. საპროექტო ტერიტორიის შიგნით სათიბ-საძოვრებად გამოყენებადი ფართობის საერთო ფართობი 2000 ჰა-ს აღწევს (იხ. რუკა 10.1), საიდანაც დაახლოებით 820 ჰა ძლიერ დახრილ ფერდობებზეა განლაგებული, რომელთა ზედმეტად დატვირთვამ შესაძლებელია დააკნინოს მცენარეულის საფარი და გამოიწვიოს ეროზიული პროცესების განვითარება. აღნიშნულ ფართობებზე რეკომენდებულია ძოვების შეზღუდვა სეზონზე ერთ გაძოვებამდე. ამ ფართობების ნაწილი შეიძლება გამოყენებული იყოს სათიბად, რაც ხელს შეუწყობს მცენარეული საფრის თვითაღდგენას და შეამცირებს ნიადაგის ეროზიის რისკს.

დაახლოებით 1180 ჰა ფართობი შესაძლებელია გამოყენებული იყოს საზაფხულო საძოვრად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, რომლისთვისაც საჭიროა შემუშავდეს საძოვრის მართვის გეგმა ნაკვეთმორიგეობის პრინციპით, სადაც გათვალისწინებული იქნება ერთეულ ფართობზე პირუტყვის რიცხოვნობა, ძოვების ხანგრძლივობა და გაძოვების ჯერადობა.

აღნიშნული საძოვარი საკმარისია დაახლოებით 2000 სული მსხვილფეხა პირუტყვისთვის. პირუტყვის ზუსტი რაოდენობა და მათი გადანაწილება ფართობის ერთეულზე უნდა განისაზღვროს საძოვრების პროდუქტიულობის და ნახირის შემადგენლობის გათვალისწინებით.

 

არსებული სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ერთი ფური ლაქტაციის პერიოდში საშუალოდ 1.0-1.5 ტონა რძეს იძლევა, რომლისგანაც საშუალოდ 0.16-0.25 ტონა ყველის წარმოებაა შესაძლებელი.

მდელოს მცენარეულობა მნიშვნელოვანია რეგიონში მეფუტკრეობის განსავითარებლად. რეგიონში დამზადებული ალპური მდელოს თაფლი ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით და კარგი გემური თვისებებით. ამასთან, მეფუტკრეობა თაფლთან ერთად სხვა ძვირფასი პროდუქტების (ფუტკრის რძე, დინდგელი, ცვილი) მიღების შესაძლებლობასაც იძლევა, რომელზედაც მოთხოვნა მაღალია როგროც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 1 სკიდან წელიწადში საშუალოდ 11-12 კგ თაფლი მიიღება.

ილუსტრაცია 10.1: კურორტ ბახმაროს მიწის საფარი