ფერდობების კომპლექსური შეფასება

ფერდობების ტექნიკური შეფასება

ტექნიკური შეფასების პროცესი მოიცავს საკვლევი არეალის იმ ფიზიკური მახასიათებლების იდენტიფიცირებას, ანალიზს და კარტოგრაფიულ ასახვას, რომლებიც გავლენას ახდენენ პოტენციური სამთო-სათხილამურო არეალის რეალურობასა და ხარისხზე. გეგმარებითი პროცესის ეს ეტაპი არის ტერიტორიის შესაძლებლობებისა და ხელისშემლელი პირობების კომპლექსური შეფასება, საიდანაც უნდა გამოტანილ იქნას დასკვნები იმისათვის, რათა შეირჩეს სათხილამურო ინფრასტრუქტურის საუკეთესო მდებარეობა და შესაბამისი გამტარუნარიანობა. ტექნიკური შეფასების ანალიტიკა წარმოადგენს გეგმარებითი პროცესის საფუძველს და მეცნიერულ დასაბუთებას, რომელსაც დაეყრდნობა შემდგომ ფაზებში შემუშავებული განვითარების რეკომენდაციები.

მთის მახასიათებლების განხილვამდე, მიზანშეწონილია შესავალის სახით მკითხველი გავათვითცნობიეროთ სათხილამურო ტერიტორიების განვითარების ძირითად მოთხოვნებთან. სათხილამურო ტერიტორიის ათვისება ზოგადად განიხილება როგორც მიწის რესურსის არა-მომხმარებლური გამოყენება. პატარა და განაშენიანებულ ზონებში სათხილამურო გზებისა და სათხილამურო საბაგიროების მოწყობა იკავებს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 30-50 პროცენტს. სათხილამურო საბაგიროების გასხვისების ზოლის სიგანეა 12-დან 15 მეტრამდე. სათხილამურო ტრასების სიგანე კი ჩვეულებრივ 30-დან 60 მეტრამდე მერყეობს. "სათხილამურო ბილიკები" არის 6-10 მეტრი სიგანის მთის გზები, 8-12% გრძივი დახრით. ზოგადად ნიველირების პრაქტიკიდან გამომდინარე, სათხილამურო გზები საჭიროებენ ზედაპირის ზედმიწევნით მოვლას და ბალახის ფენის მოწყობას. ბალახი იცავს ნიადაგს ეროზიისაგან, გაწმენდილი და მოსწორებული მიწის ზედაპირი თოვლის დაბალი საფარის დროს იცავს თხილამურებს, სნოუბორდებსა და სატკეპნ მანქანებს დაზიანებებისაგან, მოსრიალის წაქცევის შემთხვევაში თავიდან აარიდებს მას სახიფათო დაშავებას.  სათხილამურო საბაგიროები წარმოადგენენ საჰაერო საკაბელო სისტემებს ფოლადის საბრჯენებით და ბეტონის საძირკვლებით ყოველ 45-75 მეტრში.

საბაზო ტერიტორიის განვითარება მოიცავს მისასვლელ გზებს, ავტოსადგომებს, საცხოვრებელს, ტექნიკური ნაგებობებს, სამომსახურეო და კომერციული ცენტრებს, საღონისძიებო ფართს და სხვა და სხვაგან სარეკრეაციო დანიშნულების შენობება-ნაგებობებს.

ამ ნაწილში შესწავლილია საკვლელი ტერიტორიის გეოგრაფიული მახასიათებლები და შეფასებულია ლანდშაფტის და რელიეფის შესაძლებლობები სამთო ტურიზმის განვითარებისათვის. მთის (სამთო-სათხილამურო/სნოუბორდი) დაგეგმარების პარამეტრები შეჯერებულია ოროგრაფიულ და კლიმატურ ანალიზთან, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებისა და ხარისხის დასადგენად. ტექნიკური შეფასების მიზანია საკვლევი არეალის ფარგლებში განსაზღვროს ყველა პოტენციური ადგილი სამთო-სათხილამურო აქტივობისათვის და ამგვარად წარმოადგინოს მყარი ანალიტიკური საფუძველი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის

 

ფერდობების ტევადობის ანალიზი

იმისათვის რომ დადგინდეს საკვლელი ტერიტორიის სასრიალოდ განვითარების ზოგადი პოტენციალი, ჩვენ გავაანალიზეთ შესასწავლი არეალის რელიეფი და ბუნებრივი პირობები. სასრიალო ტერიტორიის ტევადობის ანალიზი, ფერდობების დახრის ანალიზთან ერთად, რუკა 3.7.4-ზე გრაფიკულად ასახავს სასრიალო ნაკვეთებს, რომლებიც მდებარეობენ საკვლევი ტერიტორიის 3 სხვადასხვა ზონაში: განვითარების I და II ფაზებსი მიხედვით. I ზონა მოიცავს ფერდობებს ბახმაროს აღმოსავლეთ ბოლოდან სამხრეთ-დასავლეთით, მთა ლაშის ფერდის მიმართულებით. II ზონა მდებარეობს ბახმაროს ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფერდებზე.

სასრიალო ნაკვეთების შერჩევა ხდება დახრის ანალიზის რუკების მიხედვით და ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მაღალი წერტილიდან დაბალ წერტილამდე უწყვეტი დახრის ხაზი.
  • საბაგირო სადგურების მოსაწყობად ხელსაყრელი მდებარეობა.
  • საინტერესო სრიალისათვის დახრის კარგი თანმიმდევრობა მოსრილეთა ერთი ან მეტი კატეგორიებისათვის.
  • ბუნებრივი რელიეფის დახრილობა 8 პროცენტიდან 70 პროცენტამდე.

თითოეულ სასრიალო ნაკვეთზე, ზედა და ქვედა წერტილებს შორის გავლებულია ხაზები ვერტიკალური სიმაღლის, ჰორიზონტალური მანძილის და საშუალო დახრილობის დასადგენად. დათვლილია ნაკვეთების მთლიანი ფართობი. მიღებული შედეგებით ხდება ნაკვეთების დაყოფა მოსრიალეთა კატეგორიების მიხედვით და დგინდება შემდეგი მონაცემები:

სასრიალო ტერიტორია - ნაკვეთის შიგნით მდებარე ტერიტორია. მიღებულია, რომ ნაკვეთის მთლიანი სასარგებლო ფართობის 30 პროცენტია სასრიალოდ გამოსადეგი, ტოპოგრაფიის ხასიათის და ნაკვეთის ფორმის მიხედვით. მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში, სასრიალო ტრასები ტყიან ადგილებში იკავებენ ნაკვეთების 25 - 35 პროცენტს და გაცილებით ნაკლებს მთლიან სამთო-სათხილამურო არეალში.

მოსრიალეთა ჯამი - ნაკვეთზე მოსრიალეთა საერთო რაოდენობა დაშვებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით.

ვტმ მოთხოვნა - მოსრიალეთა საერთო რაოდენობის მომსახურებისათვის საჭირო ვერტიკალური მეტრები.

საბაგიროების გამტარუნარიანობა - საბაგიროების საათობრივი გამტარუნარიანობა მოსრიალეთა გადაყვანის მაქსიმიზირებისათვის.

 

I ფაზის ზონა

ეს ზონა შეიცავს 13, უმეტესად ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და ჩრდილო-დასავლეთისკენ ორიენტირებულ სასრიალო ნაკვეთს, ორი სამხრეთისკენ მიმართული პატარა ნაკვეთით. მათი მთლიანი ფართობია 455 ჰა. ნაკვეთი 1ა ახალბედა მოსრიალეებისთვის არის შესაფერისი. მათთვის სრიალი შესაძლებელია ასევე ნაკვეთზე 1დ, რომელსაც საშუალო სირთულის დახრაც აქვს. ნაკვეთებს 1ბ, 1გ და 1კ, ქვემო ნაწილებში, სადაც ისინი დასახლებას უკავშირდებიან, გააჩნიათ დამწყებთათვის შესაფერისი დახრები. ნაკვეთებს 1ვ, 1მ და 1თ კი აქვთ როგორც საშუალო, ასევე რთული კატეგორიის დახრებიც. დანარჩენი ნაკვეთები საშუალო დონის მოსრიალეებსითვის არის შესაფერისი. ეს ნაკვეთები უშუალოდ უკავშირდებიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახმაროს.

 

II ფაზის ზონა

აქ ორი სასრიალო ნაკვეთია, რომლებიც მთა ლაშის ფერდზე მდებარეობენ და ბახმაროს და პირველი ფაზის არეალს ხეობით უკავშირდებიან. ორივე ნაკვეთის ფართობი 78 ჰექტარია. ისინი ძირითადად საშუალო კატეგორიის დახრებს განეკუთვნებიან, ნაკვეთ 3ა-ს აღმოსავლეთ კიდეზე რთული კატეგორიის დახრაზე სრიალის შესაძლებლობით.

შენიშვნა: სათხილამურო ტრასების დეტალური დიზაინის პროექტს დამუშავებისას წინ უნდა უსწრებდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროექტის შექმნა და მისი იმპლემენტაციის დეტალური სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ფოკუსირებული უნდა იყოს: ა) ტყის მართვაზე; ბ) ნიადაგის რეკულტივიზაციაზე; გ) ფერდობული პროცესების გეოდინამიკის ბალანსის დაცვაზე.

 

სასრიალო პარკი

მთელს მსოფლიოში სათხილამურო კურორტებზე დღეს ძალიან პოპულარულია სასრიალო პარკი, სადაც მოთხილამურეებისათვის და სნოუბორდერებისათვის მოწყობილია ტრამპლინები და ე. წ. ნახევარ-მილი (halfpipe). ეს არის თოვლში ამოჭრილი არხი, რომელსაც U -ს ფორმის განივი კვეთი აქვს. მოსრიალეები მას აკრობატული ნახტომების და ილეთების შესასრულებლად იყენებენ. ჩვენ გამოვნახეთ სასრიალო პარკისათვის ხელსაყრელი ადგილი. იგი მოქცეულია ორი საშუალო კატეგორიის ტრასას შორის, განვითარების I ფაზის არეალში, სასრიალო ნაკვეთზე 1დ და მას მოემსახურება საბაგირო გზა 1.1. ადგილმდებარეობა შერჩეულია რელიეფის დახრის მიხედვით და ეს ადგილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრამპლინებისა და ნახევარ-მილის პარკის მოსაწყობად. მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს შორის ფრისტაილის პოპულარობის ზრდა სასრიალო პარკებში ბევრ ხალხს იზიდავს.

 

ტუბინგი

თოვლის ტუბინგი ზამთრის კურორტებზე ძალიან პოპულარული ატრაქციონია, რადგან თხილამურებზე ან სნოუბორდზე სრიალისაგან განსხვავებით ყველასათვის ხელმისაწვდომია და ნაკლებად არის ამინდის ცვალებადობაზე დამოკიდებული. ყველა ასაკის ბავშვები და უფროსები იღებენ ტუბინგზე სრიალით სიამოვნებას და ეს არ საჭიროებს რაიმე წინასწარ ფიზიკურ მომზადებას და ვარჯიშს.  ამიტომ ტუბინგი ყველასათვის მიმზიდველია. ტუბინგი არის თოვლის გატკეპნილ არხისებრ ზოლში დიდი გასაბერი კამერებით სრიალი. ერთმანეთის გვერდზე ეწყობა რამდენიმე არხი. ტუბინგისზოლების საწყის თავში არის სტარტი სადაც მოსრიალე ემზადება დასაშვებად. სიჩქარის ასაკრეფად, დასაშვები ზოლის ზედა ნახევარი დახლოებით 25 პროცენტის დახრისაა. ფინიშთან მიახლოებასთან ერთად დახრა იკლებს 10-15 პროცენტამდე. მოსრიალეები დაშვების შემდეგ მექანიკური ხალიჩისებური ლიფტით ისევ ზემოთ ადიან.

 

ბავშვთა სათამაშო მოედანი

იმისათვის რომ ბავშვებისათვის თხილამურზე სრიალის სწავლის პროცესი მოსაწყენი და დამღლელი არ გახდეს, საჭიროა დამწყებთა ზონის შექმნა სადაც ბავშვები სხვადასხვა თამაშებით გაერთობიან. სათამაშო მოედნებზე შეიძლება განთავსებული იყოს კოშკები სასრიალოებით, თოვლის იგლუები, საქანელები და სხვა მრავალნაირი საბავშვო ატრაქციონები. ასეთი ზონის არსებობა ხელს უწყობს არა-მოსრიალე ბავშვების და ოჯახების კურორტზე მოზიდვას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ბახმაროში ასეთ დამსვენებელთა დიდ რაოდენობას.

 

დამწყებთა ზონა

დამწყები მოთხილამურეების ზონის მოწყობა რეკომენდირებულია ნებისმიერი სამთო-სათხილამურო კურორტისთვის, განსაკუთრებით ისეთ ზამთრის კურორტზე, რომელსაც უამრავი ოჯახი სტუმრობს ბავშვებთან ერთად. ამგვარი ზონების განთავსება უმჯობესია საბაზო ტერიტორიასთან ახლოს, რადაგან დამწყებთათვის უკეთესია იმყოფებოდნენ დასასვენებელ ოთახებთან და რესტორნებთან ახლოს.

იმის გამო რომ დამწყებები არ არიან მიჩვეულნი სავარძლიანი საბაგიროებით სარგებლობას, საბაზო ტერიტორიასთან ახლომდებარე მცირე დახრის მქონე ადგილები უნდა შენარჩუნდეს დამწყები მოსრიალეებისათვის. როგორც წესი, დამწყებთა ზონაში დამონტაჟებულია მოძრავი ხალიჩა. იგი 1 მეტრი სიგანისაა და სხვადასხვა სიგრძე შეიძლება ჰქონდეს. ეს არის კონვეირის ტიპის მოძრავი ლენტი, რომელიც თოვლზე დევს და მასზე მდგომი დამწყები მოსრიალეები აღმართზე აჰყავს. დამწყებთაზონაში სასურველია რამდენიმე მოძრავი ხალიჩის განთავსება. მათთვის ვინც ლენტური გადამყვანით პირველად სარგებლობს უმჯობესია მოძრავ ხალიჩას 10 - 15 მეტრი სიგრძე და დაახლოებით 8% დახრა გააჩნდეს. იმათთვის კი ვინც სრიალის პირველი ეტაპი აითვისა, სიგრძე 150 მეტრსაც შეიძლება აღწევდეს, ხოლო რელიეფის დახრა 15%-ს. ბავშვებისათვის სწავლების პროცესის გასახალისებლად მათ სარიალო ტერიტორიაზე იდგმება სლალომის კარები მულტფილმის გმირებით, სათამაშო თაღები თოჯინებით და ა.შ.

საკვლევ ტერიტორიაზე, დამწყებთა ზონა, ტუბინგი და ბავშვთა სათამაშო მოედანი, მათთვის შესაფერისი ადგილმდებარეობით, გათვალისწინებულია უშუალოდ ბახმაროს საბაზო ტერიტორიასთან, სასრიალო ნაკვეთ 1ბ-ს ძირში. (იხილეთ რუკები 3.7.5)