მზის გამოსხივება

მზის ნათება და თოვლის ხარისხი

მოსრიალეთა უმრავლესობამ კარგად იცის მზის ზეგავლენის შესახებ თოვლის ხარისხზე. მოსრიალეები მართალია ამჯობინებენ მზეში სრიალს, მაგრამ თუ მზის ძლიერი გამოსხივების გამო თოვლი ზედმეტად გამღვალი ან დასველებულია, მთაზე არავინ არ ისრიალებს. მოსრიალეები შეძლებისდაგვარად ცდილობენ მიჰყვნენ მზის მოძრაობას დღის განმავლობაში. ისინი აღმოსავლეთით ორიენტირებულ ფერდობებზე დილის საათებში, სამხრეთ ფერდებზე შუადღისას და დასავლეთ მხარეს შუადღის შემდეგ ისრიალებენ. 

სასიამოვნო სრიალისათვის საჭიროა თოვლი იყოს მკვრივი და გრანულარული, სანამ ის დასველდება და თოვლჭყაპად იქცევა. ამიტომ კარგი იქნება თუ მზის მოძრაობას გავითვალისწინებთ.

დილით, ყინვიანი ღამის შემდეგ, სასრიალოდ უმჯობესია აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდების ძებნა, რომლებიც მზის პირველივე სხივებს იღებენ და აქ ღამით გაყინული თოვლი ყველაზე ადრე რბილდება. მზის მაღლა და სამხრეთისკენ მოძრაობისას უკეთესია ჩრდილოეთ ფერდებისკენ გადანაცვლება, სანამ აქ თოვლი აჭყაპდება. ხარისხიანი მარცვლოვანი თოვლისათვის, შუადღიდან დასავლეთ ფერდობებისკენ გადასვლა სჯობს.

ზოგადად, როგორც წესი, სამხრეთ ფერდები ყველაზე თბილია; შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფერდები, ხოლო ჩრდილეთის მხარე კი ყველაზე ცივია. თოვლის საფარის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია სათხილამურო ტერიტორიების ეფექტურად ფუნქციონირებისათვის.

 

ასპექტი

ფერდობის ასპექტი არის მისი ძირითადი ორიენტაცია ჰორიზონტის მხარეების მიმართ. ფერდობის დახრა და ასპექტი ძალზედ მნიშვნელოვანია მის მიერ მზის რადიაციის რაოდენობის მიღების მხრივ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სამხრეთისაკენ მიმართული ასპექტები უფრო მეტად განიცდიან თოვლის საფარი დნობას, განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეებზე. ეს ხდება მზის მიმართ უფრო ხანგრძლივი და პირდაპირი ექსპოზიციის გამო. ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდები ნაკლებ მზის გამოსხივებას იღებენ ზამთრის პერიოდში და ამიტომ უფრო ინარჩუნებენ თოვლს და მის ხარისხს ვიდრე სხვა ასპექტები.

რუკა3.72 გრაფიკულად ასახავს საკვლევ ტერიტორიაზე მდებარე ფერდების ასპექტებს. ფერები აღნიშნავენ ჰორიზონტის რვა ძირითად მიმართულებებს. ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და ჩრდილო-დასავლეთისკენ ორიენტირებული ფერდები შესაბამისად ცივი ფერებით - ლურჯით, ცისფერით და იასამნისფერით არის აღნიშნული. სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფერდები თბილით - წითელით, ყვითელით და ნარინჯისფერით, ხოლო აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ფერდები მწვანედ და დასავლეთისკენ მიმართული კი ვარდისფერითაა მარკირებული. ასპექტის რუკის ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ შერჩეული პოტენციური ტრასების უმეტესი ნაწილი სასრიალოდ ხელსაყრელი ექსპოზიციისაა. გამოიხატება ჩრდილოეთის ორიენტაციის თხემზე გამავალი ტრასები,  უმეტესად კი ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ორიენტაციის ტრასები ისახება. სასრიალო ტრასების გარკვეულ ნაწილს გააჩნია აღმოსავლEეთ ასპექტი. მხოლოდ პატარა ნაწილია აღმოსავლეთით მიმართული ძალზედ მცირე სამხრეთ-აღმოსავლეთის მონაკვეთებით. პრაქტიკულად საერთოდ არ გამოიკვეთა თოვლის და მისი ხარისხის შენარჩუნების მხრივ ყველაზე პრობლემატური - სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის ასპექტები, ერთი-ორი ტრასის მცირე მონაკვეთის გარდა.

 

მზის ნათება

ტერიტორიის დახრის კუთხე მზესთან მიმართებაში დაგეგმვისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამეთუ ეს განსაზღვრავს თუ დღის რომელ მონაკვეთში რა ხანგრძლივობით ხვდება მზის სხივები პოტენციურ ავტოსადგომებს, მთის რესტორნებს, სასრიალო ტრასებს და განაშენიანების ზონაში მდებარე კაფეებს, საზოგადოებრივ სივრცეს და ფეხით მოსიარულეთა მოედნებს. საბაზო ტერიტორიაზე განსათავსებელი საბაგიროს სადგურები, დამწყებთა და ბავშვთა სასრიალო ზონები და ნებისმიერი სოფლის ან სასტუმრო-საცხოვრებელი განაშენიანების განვითარება უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ მაქსიმიზირებულ იქნას მზის სინათლის მოხვედრა, რათა მომხმარებლისათვის შეიქმნას რაც შეიძლება კომფორტული მიკრო-კლიმატი. მთიან გარემოში ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მზეს, თუმცა ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს თოვლის ხარისხზე. საბაზო ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობების და დამწყებთა ზონების მზეზე, ხოლო სასრიალო ტრასების ჩრდილში განლაგება დაგეგმვის ფუნდამენტური პრინციპია. საკვლევ ტერიტორიაზე მზის ნათებასა და ჩრდილების დაცემაზე დაკვირვება გამოიყენება განსხვავებული ფუნქციების ნაგებობათა დეტალური დაგეგმვისათვის, რომლებსაც დღის სხვადასხვა მონაკვეთებში სჭირდებათ მზეზე მდებარეობა. მაგალითად, უმჯობესია ბილეთების ჯიხურების ფანჯრებმა მიიღონ მზის სხივები დილის საათებში, როდესაც ტერასები და მოედნები ამას შუადღით საჭიროებენ. როდესაც დადგინდება კონკრეტული საბაზო ტერიტორიის განვითარების ადგილები, მზის ნათების კვლევა შეიძლება გამოყენებულ იქნას დეტალური პროექტირებისათვის.

 

09.00

დილის 9 საათზე, ზამთრის თვეებში, სასრიალო და საბაზო ტერიტორიის მეტი ნაწილი უკვე მზის სხივებს იღებს. მარტში კი საბაზო ტერიტორიაზე პრაქტიკულად არსად არის ჩრდილი, სასრიალო ტრასებზე კი მხოლოდ მცირე მონაკვეთებზე.

 

12.00

დეკემბერსა და იანვარში, შუადღისას საბაზო ტერიტორიის და სასრიალო ტრასების მხოლოდ ძალზედ მცირე და უმნიშვნელო ნაწილს ხვდება ჩრდილი. ხოლო თებერვალსა და მარტში ისინი მთლიანად მზეშია.

 

15.00

დეკემბერსა და იანვარში ამ დროს საბაზო ტერიტორიის და ტრასების ასევე მხოლოდ მცირე მონაკვეთებია მოქცეული ჩრდილში. თებერვალსა და მარტში ისინი ფაქტიურად თითქმის მთლიანად იღებენ მზის სხივებს.

ილუსტრაცია 3.7.3 აჩვენებს ჩრდილებს საკვლევ-საპროექტო ტერიტორიაზე. მსუბუქი შტრიხები გამოყენებულია დეკემბრისათვის და მუქდება შესაბამისად იანვრის, თებერვლის და მარტისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ მზისადმი ორიენტაციის მხრივ, ბახმაროს იდეალური მდგომარეობა აქვს - ძირითადად ჩრდილოეთ ორიენტაციის სასრიალო ფერდები და დასახლება რომელიც პრაქტიკულად მუდმივად გაშლილია მზის სხივების მისაღებად. აქვე აღსანიშნავია, რომ სასრიალო ტრასებსაც მეტწილად ხვდება მზის სხივები, თუმცა მათი ჩრდილოეთისკენ ექსპოზიციის გამო, ეს არ ახდენს თოვლის საფარზე უარყოფით გავლენას.

ილუსტრაცია 3.7.3  ჩრდილების რუკა

 

მზის რადიაცია

მზის რადიაციის ინტენსიობა, რომელიც თოვლის ზედაპირზე დიდ ზეგავლენას ახდენს, მკვეთრად იცვლება სიმაღლის, დახრის, ასპექტის და ტოპოგრაფიული ჩრდილების მიხედვით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოპოგრაფიით გამოწვეული ჩრდილები ამცირებს ტემპერატურას მიწის ზედაპირთან და თოვლი უფრო დიდხანს ძლებს. მზის დასხივების კუთხეც განსაზღვრავს თოვლის დნობის ტემპს. ასპექტის მცირე ცვლილებაც კი ზედაპირის გათბობაში მნიშვნელოვან განსხვავებას იძლევა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გამოვთვალეთ მზის რადიაციის კუმულატიური რაოდენობა ყოველთვიური პერიოდიკით მთელი სასრიალო სეზონის განმავლობაში, 1 დეკემბრიდან 31 მარტამდე. წელიწადის დრო, მზის მდებარეობა (აზიმუტი და სიმაღლე), ჩრდილების დაცემა რელიეფზე, რელიეფის დახრა და ასპექტი გაანალიზებულ იქნა იმისათვის, რომ სიმულირება მოგვეხდინა და გამოგვეთვალა პირდაპირი, არეკლილი და დიფუზური რადიაცია. შედეგად მივიღეთ ერთ კვადრატულ მეტრზე მიღებული პოტენციური ენერგიის მაჩვენებელი კილოვატ-საათში. გამოთვლა ჩატარდა ყოველდღიური პერიოდიკის 15 წუთიანი ინტერვალებით, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. რუკა3.7.3 თბილი და ცივი ფერების სპექტრით აჩვენებს თბილ და ცივ ზონებს მთელს საკვლევ ტერიტორიაზე სასრიალო სეზონის - დეკემბრის, იანვრის, თებერვლის და მარტის თვეებისათვის.

რუკაზე3.7.3 ნათლად ჩანს, რომ სასრიალო ტრასების უმეტესობა მზის რადიაციის დაბალი ინტენსივობის, მცირე ნაწილი კი საშუალო ინტენსივობის ზონაშია, რაც ხელსაყრელი პირობაა თოვლის საფარის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად. ეს გამოწვეულია სასრიალოდ კარგი მთის ფერდობების უმეტესად ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ორიენტაციით.