დასკვნები და შენიშვნები

ბახმაროს ტერიტორიაზე ნამდვილად არის სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივა. საკვლევი ტერიტორიის საფუძვლიანმა შესწავლამ გვაჩვენა რომ აქ სასრიალო ტრასების მოწყობისათვის არსებობს აუცილებელი ფაქტორები.

სასრიალო ნაკვეთების ანალიზის მეთოდი გულისხმობს საკვლევი ტერიტორიის პირველად შეფასებას და ტერიტორიის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე მისი პოტენციური შესაძლებლობების დადგენას. სასრიალო ნაკვეთებზე ტრასების დაგეგმვა გულისხმობს ნაკვეთებს შორის კავშირების უზრუნველყოფას და მათ დაგეგმვას იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ტყის კაფვის საჭიროება, გათვალისწინებული იქნა ისეთი კლიმატური გარემოებები, როგორიც არსი ქარი და თოვლის საფარის მდგომარეობა ცალკეულ მონაკვეთებზე, მიწის და საინჟინრო სამუშაობის შესაძლებლობა. ტრასების და მათი შესაბამისი ტევადობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია საჭირო ინფრასტრუქტურა და ამ ინფრასტრუქტურის  მომსახურებისათვის აუცილებელი ადგილობრივი ადამიანური რესურსი. მოსრიალეთა რაოდენობების გამოთვლა კონკრეტული საპროექტო სასრიალო ტრასების მიხედვით ხდება. მოსრიალეთა რაოდენობის დათვლის უფრო სიღრმისეული მეთოდი და შედეგები შემდეგ თავშია აღწერილი.

სიმაღლის 1500 მეტრის ნიშნულს ქვემოთ ხშირად არ არის საკმარისი სიღრმის თოვლის საფარი. ამიტომ ამ ნიშნულს ქვემოთ არ არის რეკომენდირებული სამთო-სათხილამურო აქტივობების დაგეგმვა. დეტალური დასკვნების გამოსატანად საჭიროა აგრეთვე ჩატარდეს ქარის და თოვლის დამატებითი გაზომვები.

პირველ ფაზაში რეკომენდირებულია უშუალოდ ბამხაროსთან დაკავშირებული მთის ფერდების ათვისება სათხილამუროდ. აქ მაქსიმალური სიმაღლე, სადაც დაგეგმილია საბაგირო გზის მიყვანა, არის 2350 მ. ზღვის დონიდან. აქედან სასრიალო ტრასებით უშუალოდ

ვუკავშირდებით სოფელ ბახმაროს 1850 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. შესაბამისად ამ არეალში ვერტიკალური ვარდნა სასრიალოდ შეადგენს 500 მ.-ს.

განვითარების მეორე ფაზა საკვლევი ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მთა ლაშის ფერდზე მდებარეობს. ეს არეალი უკავშირდება პირველ ფაზას და სოფელ ბახმაროს მის სამხრეთ ნაწილში, სადაც ხეობა უერთდება სოფელს. ამ ფაზის განვითარება მიზანშეწონილი იქნება მაშინ, როდესაც წინა ფაზების არეალები მაქსიმალურად დაიტვირთება მოსრიალეებით და გაჩნდება საჭიროება მეტი საბაგიროებისა და სასრიალი ტრასების შესაქმნელად. თუმცა მანამდე აუცილებელი იქნება აქ თოვლის საფარის სიღრმესა და ქარზე დეტალური დაკვირვებები.

ორივე ფაზა უზრუნველყოფს ერთმანეთთან ურთიერთკავშირს სასრიალო ტრასებითა და საბაგირო გზებით, განვითარების ეტაპების შესაბამისად.

 

კვლევების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი დასკვნები:

  1. ბახმაროს ტურიზმისა და რეკრეაციის ხანგრძლივი ტრადიციები გააჩნია. აქაური კლიმატი სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
  2. ბახმაროს თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეგიონის ლანდშაფტში, იგი ცნობილია თავისი გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული ფუნქციებით.;
  3. საკვლევი ტერიტორიას შეუძლია დამსვენებელი მოიზიდოს ოთხივე სეზონზე და ამიტომ საკვლევი ტერიტორია 4 სეზონიან კონტექსტში უნდა იყოს განხილული და განვითარებული;
  4. "გეოგრაფიკმა" შეისწავლა ბახმაროში სასრიალო ტრასების განვითარების პოტენციალი;
  5. ბახმაროში ნამდვილად არის სამთო-სათხილამურო სპორტის, ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარების კარგი შესაძლებლობა;
  6. კვლევებით დადგინდა, რომ აქ სასრიალო ტრასების მოწყობისათვის ყველა  აუცილებელი ფაქტორი არსებობს;
  7. კვლევების შედეგად გამოვლენილი სამთო-სათხილამურო სისტემის დეტალური დიზაინისთვის აუცილებელია:
    • ქარის დეტალური კვლევა;
    • თოვლის საფარის დამატებითი კვლევა;
    • ხელოვნური თოვლის წარმოებისათვის საჭირო კვლევების ჩატარება;
    • ზვავსაშიშროების დეტალური შესწავლა;
    • გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტი;
    • საჭიროებისამებრ აუცილებელი იქნება განსახლების სამოქმედო გეგმის დამუშავება იმ ადგილებში, სადაც არსებული უძრავი ქონება მოყვება სამთო ინფრასტრუქტურის განვითარების ტერიტორიებში.
  8. ბახმაროს მთლიანი საკველევი ტერიტორია წინამდებარე   კონცეფციით მოიცავს 38-მდე სასრიალო ტრასას საერთო ფართობით 125 ჰექტარამდე. მათი საერთო სიგრძეა 32 კილომეტრი. ამ ტერიტორიის სასრიალო ტრასების შესწევთ უნარი ყოველდღიურად მიიღონ დაახლოებით 6 740მოსრიალე.
  9. კურორტის ჯამური წარმადობა უზრუნველყოფილია 10 სხვადასხვა ტიპის და წარმადობის საბაგირო გზით. ტრასების ტევადობა და საბაგირო გზების მოთხოვნილი წარმადობა გაანგარიშებულია ჰ. ბარნიკის და კ. ფინგერჰუტის მეთოდოლოგიით.
  10. ბახმაროს სამთო-სათხილამურო სისტემის განვითარება და მშენებლობა უნდა განხორციელდეს რამდენიმე ფაზაში, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს ბაზრის განვითარებაზე და ეფექტურ კაპიტალდაბანდებებზე.
  11. სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის დეტალური დაგეგმარების ეტაპზე შესამუშავებელი იქნება სამაშველო სამსახურის და მთის მომსახურე პერსონალის შემადგენლობის, აღჭურვილობის და სპეცტექნიკის, სათხილამურო ტრასებისა და საბაგირო სადგურების ზონების უსაფრთხოების, დამცავი ბადეებითა და ლეიბებით, სასიგნალო ნიშნებითა და საინფორმაციო დაფებით კეთილმოწყობის პროექტები.

ბახმაროს საკვლევი არეალისათვის "გეოგრაფიკის" მიერ ჩატარებული სხვადასხვა სახის კვლევების, გამოთვლების და გაანგარიშებების გარდა გამოყენებულია საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო ტერიტორიების განვითარების პროექტების გამოცდილება, ასევე ავსტრიელი სპეციალისტების H.Barnick -ისა და Fingerhut -ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიები.

ამას გარდა პროექტში გამოყენებულია "გეოგრაფიკი"-ს ისეთ კომპანიებთან თანამშრომლების გამოცდილება როგორიცაა Geode, ATC, Ecosign, HOK, Klenkart, Dienege, Leitner, Poma, Doppelmayr, MND Group, MBS, Engineerisk.