ტყის დაცვა და განვითარება

შესავალი

საქართველოს ტყეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ისე ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებისათვის. ტყე საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფს სუფთა წყლით. ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღეზეა დამოკიდებული ეკონომიკის სექტორების (სოფლის მეურნეობა, ჰიდროენერგეტიკა და სხვ.) წყლით მომარაგება. იგი ამცირებს წყალმოვარდნებისა და წყალდიდობების საფრთხეს ნალექების ზედაპირული ჩამონადენის რეგულირებით, ხელს უშლის ნიადაგის ეროზიის განვითარებას, ამცირებს მეწყრის, ზვავისა და ღვარცოფის განვითარების რისკს და არბილებს მათ ზემოქმედებას. ატმოსფეროდან ნახშირბადის შთანთქმითა და ტყის მასასა და ნიადაგში მისი შეკავებით იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირბადის გლობალურ ციკლში.

ტყის აღნიშნული მარეგულირებელი ფუნქციები მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკისა (ჯანსაღი ტყე ამცირებს მდინარეების ნატანს და წყალსაცავებს ამოვსებისაგან იცავს) და სოფლის მეურნეობის (ხდება ნიადაგის ეროზიისგან დაცვა, მავნებლების კონტროლი, სოფლის მეურნეობის კულტურების დამტვერვა და სხვ.) განვითარებისათვის.

საქართველოს ტყეს უდიდესი ესთეტიკური და რეკრეაციული მნიშვნელობა აქვს. მას დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების ზრდაში. ტყის ეკოსისტემებზეა დამოკიდებული არაერთი კურორტისა და ტურიზმის სხვადასხვა სახეობის არსებობა და განვითარება. ამასთანავე, საქართველოს ტყეს აქვს უდიდესი სამეცნიერო, ისტორიული, სულიერი და კულტურული მნიშვნელობა.

 

ტყის მდგრადი მართვის სისტემა

ტყის მართვა უნდა განხორციელდეს მისი სასარგებლო ფუნქციების შენარჩუნებითა და ამ ფუნქციებიდან საზოგადოებისათვის მაქსიმალური სარგებლის მიღებით.

ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობასა და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას.

წყარო: საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია 2013 წ.

 

ბახმაროს რეკრეაციულ ტერიტორიაზე ტყით დაფარული არეალები, წლების განმავლობაში არასწორი სარგებლობის და განაშენიანების სტიქიური ზრდის შედეგად  მნიშვნელოვნად მცირდებოდა ან დეგრადირდებოდა. ბახმაროს ტყის განვითარებას ასევე საფრთხეს უქმნის ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა მაგალითად, ქარიშხალი. თუმცა, თავისთავად, ტყე იცავს გარემოს და დასახლებულ ტერიტორიებს ქარიშხლების, მეწყერისა და ზვავებისგან. ტყე და ბუნებრივი გარემო იცავს სასმელი წყლის წყაროებს დაბინძურებისგან, უზრუნველყოფს წყლის საკმარისი რაოდენობის და  ხასისხის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და წარმოადგენს კურორტის მნიშვნელოვან ესეთეტიურ ღირებულებას.

ილუსტრაცია 8.4.1 ტყის და განაშენიანების კონფლიქტი

 

ტყით დაფარული ტერიტორიების არსებული და სამომავლო საზღვრები

ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მიზნად ისახავს განაშენიანების ტერიტორიებისა და განაშნიანების საზრვრების გამოვლენას და წესებისა და პირობების დადგენას, მათ შორის ტყის დაცვისა და განვითარების მიზნით.

სარეკრეაციო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტყის საფარი შეადგენს 715 ჰექტარს. ტყის ის ნაწილი, რომელიც ბახმაროს საკურორტო დასახლებას ემიჯნება ყველაზე კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს განაშენიანების სტიქიურად განვითარების შემთხვევაში. გენერალური გეგმით, ტყის არეალებში და ტყის გაფართოების პოტენციურ არეალებში სამომავლო განაშნიანება შეიზღუდება და კერძო მიწის საკუთრების ადგილმონაცვლეობა სავალდებულო იქნება სამომავლო განაშენიანებისთვის, საკუთრების გეგმის მიხედვით.

ტყის დაცვისა და განვითარების გეგმა მიზნად ისახავს ბახმაროს საკურორტო დასახლების უშუალოდ,  ტყის რეგისტრირებულ საზღვრებთან მოსაზღვრე, მომიჯნავე ტერიტორიების გამოვლენას, რომლებიც სამომავლოდ უნდა განვიხილოთ ტყის გაფაროების არეალებად.

რუკა 8.4 ასახავს გამოვლენილი არეალების მდებარეობას და მათ კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად:

  • რეგისტრირებული ტყის საფარი;
  • ტყით დაფარული ის არეალები, რომლებიც არაა რეგისტრირებული და არც კერძო მფლობელობაშია;
  • ტყის გაფართოების ის არეალები, რომლებიც ტყითა არაა დაფარული თუმცა არც ასევე კერძო მფლობელობაშია;
  • ტყის სამომავლო გაფართოების არეალები რომლებიც დღეს კერძო საკუთრებაშია, თუმცა სამომავლო განაშენიანება შეიზღუდება და ეტაპობრივად მათი ადგილმონაცვლეობა განხორციელდება სხვა, განაშნიანებასთან თავსებად ტერიტორიებზე.

ზემოთ ჩამოთვლილი არეალების სამომავლოდ ტყის რეგისტრირებულ ნაწილად მიკუთვნება მათი აღდგენა/გაჯანსაღება ან გასაშენებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება უნდა მოხდეს შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ - მოკლევადიანი და გრძელვადიანი ნაბიჯების განსაზღვრითა და აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფით.

 

სათხილამურო არეალები და ტყეში მოწყობილი  სხვა ინფრასტრუქტურა

ტყის დაცვისა და განვითარების გეგმისთვის ასევე მნიშვნელოვანია, გამოკვეთოს სამომავლო გამოწვევები, ისეთი როგორიცაა ზამთრის სათხილამურო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ბახმაროში, რაც თავის მხრივ გულისხმობს სათხილამურო ტრასების, საბაგირო გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის არსებობას კრიტიკულ და მგრძნობიარე არეალებში, მათ შორის ტყეებში.

სამომავლო სათხილამურო ტრასების ტყით დაფარულ არეალებში არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება სათხილამურო ტრასების, საბაგირო გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტების მომზადება, შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან კონსულტაციით და ტყის დაცვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით.