ინფრასტრუქტურა

არსებული წყალმომარაგების სისტემები და მოკვლეული სასმელი წყლის მიწოდების წყაროები

2016 წლის 1-2 ოქტომბერს შპს „გამა-კონსალტინგის“ მიერ ჩატარებული იქნა ბახმაროს ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პირველი ეტაპის - წინათსაპროექტო კვლევისათვის კურორტსა და მის შემოგარენში გამომავალილი მტკნარი წყლების წყაროებისა და ჭაბურღილის  მოკვლევა.

კურორტის მოსახლეობის (დამსვენებლების) წყალმომარაგება აჟამად ხორციელდება ბახმაროს  შემოგარენში, მთების ფერდობებზე მოწყობილი წყლის კაპტაჟების ხარჯზე. წყაროების გამოსავლები კაპტირებულია ლითონის წყალშემკრებებით, ზომებით (დაახლეობით)   1,0x0,8x0,8 მ. წყალშემკრებებიდან წყალი პლასტმასის მილებით ჩაედინება ქვემოთ მოწყობილ ლითონის რეზერვუარებში (მოცულობით 10 მ3-მდე), საიდანაც  გამანაწილებელი პლასტმასის მილებით წყალი მიეწოდება ცალკეულ კოტეჯს.

ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური სარეკოგნოსცირო გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი გამოსავლები - წყაროები.  წყაროების განლაგება მოყვანილია ილუსტრაცია 5.1.2-ზე.

წყაროების გამოსავლები ძირითადად დაკავშირებულია ვულკანოგენურ-დანალექ ქანებთან. კაპტაჟები მოწყობილია უშუალოდ წყლების ძირითადი ქანებიდან  გამოსავლებებში. წყაროების დებიტები წლის განმავლობაში (ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით) მუდმივია.

ცხრილში 5.1.1-ში მოყვანილია მოკვლეული წყაროების მახასიათებლები 2016 წლის 1-2 ოქტომბერის მდგომარეობით.

 

წყარო, ჭაბ. №№

წყაროს კოორდინატები

წყლის დებიტი, ლ/წმ

წყარო №1

X= 277613; Y= 4637470

0.3 ლ/წმ

წყარო №2

X= 277579; Y= 4637595

0.5 ლ/წმ

წყარო №3

X= 277625; Y= 4637512

0.5 ლ/წმ

წყარო №4

X= 278033; Y= 4637470

5.0 ლ/წმ

წყარო №5

X= 278062; Y= 4637389

0.5 ლ/წმ

წყარო №6

X= 279790; Y= 4636123

0.5 ლ/წმ

წყარო №7

X= 279790; Y= 4636123

0.5 ლ/წმ

წყარო №8

X= 279765; Y= 46336083

2.0 ლ/წმ

წყარო №1გ

X= 281050; Y= 4634323

5.0 ლ/წმ

წყარო №2გ

X= 281039; Y= 4634295

5.0 ლ/წმ

ჭაბ. 1

X= 278645; Y= 4636080

0.4 ლ/წმ

ცხრილი 5.1.1: მოკვლეული წყაროების მახასიათებლები 2016 წლის 1-2 ოქტომბერის მდგომარეობით

ილუსტრაცია 5.1.2: კურორტ ბახმაროს წყაროების და ჭაბურღილების ადგილმდებარეობა

ბახმაროს შემოგარენში დასინჯული წყაროების გარდა მოკვლეული იქნა კიდევ ორი წყარო -  №1გ და №2გ. წყაროები გამოდის ვულკანოგენური ქანებიდან ბახმაროდან სამხრეთ აღმოსავლეთით, მდ. გუბაზეულის ხეობაში. თითოეული წყაროს დებიტმა შეადგინა 5,0 ლ/წმ-ში. წყაროების განთავსების ადგილები მოყვანილია რუკა 2-ზე.  აღნიშნული წყაროების დებიტები შედარებით სტაბილურია მთელი წილის განმავლობაში (ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით). ტერიტორიაზე წყაროების განთავსების გეომორფოლოგიური პირობებიდან გამომდინარე,  აღნიშნული წყაროების წყლების გამოყენება ბახმაროს სასმელი წყალმომარაგებისათვის შესაძლებელია წყლის აწევით ტუმბოს მეშვეობით დაახლოებით 32 მ-მდე, საიდანაც შემდგომში წყალი შეიძლება თვითდენით მიეწოდოს კურორტ ბახმაროს.  წყაროების დაფიქსირებულმა ჯამურმა დებიტმა შესაძლოა მთლიანად უზრუნველყოს კურორტის ცენტრალიზებული წყალმომარაგება (ჯამურმა დებიტმა  შეადგინა, დაახლოებით, 860 მ3/დღღ).

კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში მდინარის მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე ათეული წლის უკან (თარიღი დაუდგენელია) გაბურღულია სტრუქტურული ჭაბურღილი, სიღრმით 300 მ. ჭაბურღილის ზედა ნაწილი გამაგრებულია საცავი მილებით, დიამეტრით 146 მმ. წყალი ჭაბურღილიდან თვითდენით გადმოედინება 70 მმ დიამეტრის  მილით. გამოკვლევის დროს ჭაბურღილის დებიტმა შეადგინა 0,4 ლ/წმ-ში.  ჭაბურღილი ამ რეჟიმში ფუნქციონირებს (ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით) მთელი წლის განმავლობაში.

კურორტ ბახმაროს ფარგლებში და მის გარეუბნებში დასინჯული მიწისქვეშა წყლების გამოსავლების (წყაროების) და მდინარე მდ. ბახვის წყლის ჭალაში არსებული ჭაბურღილის წყლები  ქიმიური შემადგენლობის მიხედვით მიეკუთვნება ულტრა მტკნარ წყლებს. მინერალიზაციით 0,06 – 0,1 გ/ლ. წყლები ჰიდროკარბონატული მაგიუმიანი - კალციუმიანია. წყლების სიხისტე იცვლება  1,2 მგ-ექვ-ის ფარგლებში. აღნიშნულ წყალპუნქტებზე წყალამღებების მოწყობის შემთხვევაში საჭირო იქნება წყლების მიკრობიოლოგიური შემადგენლობის შესწავლა  და შესაბამისად, სანიტარული დაცვის ზონების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ბახმაროს წყაროების წყლები აკმაყოფილებს საქართველოს „დაფასოებული ნა ტურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

წყალპუნქტების წყლების ქიმიური შემადგენლობა იხილეთ ცხრილ 5.1.2-ში, ხოლო წყალპუნქტების წყლების ქიმიური ანალიზების შედეგები მოყვანილია დანართ 1-ში.

წყარო №

მინერალიზაცია გ/ლ

ქიმიური შემადგენლობის ფორმულა

წყ. №1

0.07

წყ. №3 (რეზერვუარი)

0.07

წყ. №6

0.1

წყ. №7 (სინჯი 6)

0.1

წყ. №1გ

0.06

ჭაბურღილი №1

0.1

ცხრილი 5.1.2: წყალპუნქტების წყლების ქიმიური შემადგენლობა

 

კურორტ ბახმაროს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის მოწყობის რეკომენდაციები

 

წყალმომარაგება

კურორტს არ გააჩნია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა და ის საზრდოობს არსებული წყაროებისგან, რომელთა ჯამური წარმადობა, დაახლოებით, არის Q=518 მ3/დღღ, ანუ q=6 ლ/წმ. წყაროებს არ  გააჩნია სანიტარული დაცვის ზონები, ხოლო წყლის ის რაოდენობა, რომელიც მიიღება არსებული წყაროებიდან, აკმაყოფილებს დამსვენებლების მოთხოვნილებების დაახლოებით 1/3-ს. გარდა ამისა, არ ხდება წყლის გაუსნებოვნება, ქლორირება, გაფილტვრა და ა.შ., ე.ი. წყლის მომზადება ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას დამსვენებლები სუფთა საყოფაცხოვრებო-სამეურნეო წყლით.

კურორტის წყალმომარაგება ხორციელდება დამსვენებელთა კოტეჯებთან დამონტაჟებული წყლის ავზებიდან, სადაც წყალი ჩაედინება არსებული წყაროებიდან (რომლებიც განთავსებულია მთელი კურორტის ტერიტორიაზე). წყაროებიდან წყალი გროვდებოდა სხვადასხვა მოცულობის სამარაგო ავზებში. ავზებიდან წყალი პლასტმასის მილებით D=20÷25მმ მიეწოდება დამსვენებლების კოტეჯებს.

შექმნილი მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საჭიროა ახალი სათაო ნაგებობის წყალსადენის მოწყობა, რადგან არსებული სათაო ნაგებობების სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს კურორტის  წყალმომარაგებას. ამისთვის მოძიებული იქნა მდინარე გუბაზეულის ხეობაში ახალი წყაროები №№1გ და 2გ (რუკა 2), რომელთა ჯამური წარმადობა არის Q=864 მ3/დღღ, q=10 ლ/წმ, რომელიც შეიძლება კარგი კაპტაჟის მოწყობის შემთხვევაში გაიზარდოს 15 ლ/წმ-დე, ანუ Q=1296 მ3/დღღ-დე. არსებული წყაროები დაცილებულია კურორტ ბახმაროს დაახლოებით 4კმ-ით.  წყაროების ტერიტორიასთან გადის ელგადაცემის ხაზი N=0.4კვტ-ს, აქვე შეიძლება მოეწყოს სატუმბო სადგური, ხოლო ბახმაროს ტერიტორიის ზედა წერტილში დამონტაჟდეს სამარაგო რეზერვუარი და წყლის გამწმენდი ნაგებობა. მოძიებული წყაროების წყლის მარაგი და ბახმაროს შემოგარენში არსებული წყაროები სრულად დააკმაყოფილებენ კურორტ ბახმაროს მოთხოვნილებებს.

კურორტის წყალმომარაგების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე უნდა დაიგეგმოს კურორტის წყალმომარაგების ახალი წყაროს მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპზე უნდა მოხდეს არსებული წყაროების ხელახლა დაკაპტაჟება, მათი ერთ რეზერვუარში მოგროვება და სატუმბო სადგურით პირველი ეტაპის სამარაგო რეზერვუარში მიწოდება. კურორტის სასმელი წყლის მიწოდების ახალი სისტემის მოწყობისათვის საჭიროა საინჟინრო-ტექნიკური პროექტის მომზადება, რომელიც გაითვალისწინებს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  1. სამუშაოების პირველი ეტაპი: წყალსადენის სათაო ნაგებობის მოწყობა (კაპტაჟი), სანიტარული ზონების მოწყობა,  სატუმბო სადგურის მოწყობა, საჭირო მოცულობის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა, გამწმედი ნაგებობის მშენებლობა, მაგისტრალური წყალდენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
  2. სამუშაოების მეორე ეტაპის: არსებული წყაროების კაპტაჟების მოწყობა, სანიტარული ზონების მოწყობა, სატუმბო სადგურის მოწყობა, საკონტაქტო რეზერვუარის მოწყობა, მაგისტრალური წყალდენის მოწყობა სატუმბო სადგურიდან სამარაგო რეზერვუარამდე.

კურორტ ბახმაროს განაშიანების გეგმით გათვალისწინებულია დასახლების ზრდა 10,000 ადამიანამდე. ა. მოსახლეობის ზრდა წლების განმავლობაში მოხდება და აღნიშნულის შესაბამისად შესაძლებელია კურორტის წყალმომარაგების და წყალარინების განვითარებაც. 10,000 ადამიანზე გათვლილი წყალმომარაგების სისტემის მიწოდება  გათვლილია 1,400 მ3/დღეში, ამდენივეს შეადგენს წყალარინების სისტემის საპროექტო მაჩვენებელი. პროექტის პირველი ეტაპისათვის შესაძლებელია მოეწყოს ორი 500 მ3 მოცულების წყლის მიწოდების რეზერვუარი, ხოლო წყალარინებისთვის ასევე ორი 500 მ3 მოცულების რეზერვუარით აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობა. წყლის მიწოდების და წყალარინების სისტემების პროექტი უნდა ითვალისწინებდეს დამატებით 500 მ3 მოცულების რეზერვუარების მშენებლობის შესაძლებლობას დამსვენებლების და მომსახურე პერსონალის მაქსიმალური 10,000 ადამიანამდე მიღწევის შემთხვევისათვის.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიწოდების (მაგისტრალების) გეგმა მოცემულია რუკაზე:

 

თხევადი ნარჩენები (კანალიზაციის) გეგმა

კურორტის ტერიტორიაზე თხევადი ნარჩენების შეგროვებისა და გაუვნებლობის ერთიანი სისტემა არ არსებობს. აღნიშნულის გამო სახლების, სასტუმროს სამეურნეო-ფეკალური თხვადი ნარჩენებისთვის მოწყობილია მიმღები ორმოები ან მიმართულია ხევებში. ორმოების უმრავლესობა მოწყობილია სამშენებლო და სანიტარული ნორმების დარღვევით. კერძოთ არ არის დაცული წმენდის პრინციპი და თხევადი ნარჩენებით ბინძურდება ნიადაგი და გრუნტის წყლები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაუმართავი ორმოებიდან ჩამდინარე წყლები სისტემატურად იჟონება და ჩაედინება მდინარე ბახვის წყალში. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კურორტის ტერიტორიაზე მოეწყოს კანალიზაციის ქსელი და კურორტის ტერიტორიის გარეთ კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა.

თხევადი ნარჩენების (კანალიზაციის) კოლექტორები უნდა მოეწყოს მდინარე ბახვისწყლის ორივე ნაპირზე მდინარის პარალელურად. წინასწარი კონცეფციით ბახმაროს ტერიტორიის ბოლოში მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარე კოლექტორმა უნდა გადაკვეთოს მდინარის კალაპოტი დიუკერის სახით და შუერთდეს მარცხენა კოლექტორს და გაერთიანებული საყოფაცხოვრებო-სამეურნეო თხვებადი ნარჩენები ჩაედინოს დასაპროექტებელ გამწმენდ ნაგებობაში.

გამწმენდი ნაგებობის სავარაუდო მდებარობა განსაზღვრულია სქემატურად და მისი კონკრეტული მდებარეობა დაზუსტდება შემდგომში, თხვევადი ნარჩენების (კანალიზაციის) პროექტის მიხედვით. გამწმენდი ნაგებობა უდა მოეწყოს მდინარე ბახვის წყლის ხეობის ქვედა ნაწილში, ბახმაროს საკურორტო დასახლებიდან მოშორებით. მდინარის წყლის მოვარდნის საფრთხის გათვალისწინებით და ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ადგილას.

ვინაიდან კურორტი არის სეზონური და დამსვენებლების რაოდენობა განსხვავებულია სხვადასხვა სეზონის დროს, ხოლო გამწმენდი ნაგებობა ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე რეაგირებს მისაღები სითხის რაოდენობაზე მას არ შეუძლია, მიიღოს გასაწმენდად მკვეთრად განსხვავებული საკანალიზაციო წყლის მოცულობები. აქედან გამომდინარე რეკომენდირებულია, რომ გამწმენდი ნაგებობა იყოს კომპლექსური და გათვალისწინებული იყოს დამსვენებლების მაქსიმალურ რაოდენობაზე. გარდა ამისა ნაგებობამ უნდა შეძლოს, გააუვნებლოს საყოფაცხოვრებო წყლები მოსახლეობის მცირე რაოდენობისთვის, რომლებიც ბახმაროში რჩებიან სეზონ შორის პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოთავაზებულია გამწმენდი ნაგებობის შემდეგი სქემა: მთლიანი კომპლექსი გათვლილი მაქსიმალურ ხარჯზე, რომელშიც დაყოფილი იქნება სამ ბლოკად. სამივე ბლოკის მუშაობით უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური ხარჯის გაწმენდა, ნაგებობის ერთ-ერთი ბლოკი იმუშავებს მცირე რაოდენობის დამსვენებლების მომსახურებისათვის, ხოლო მესამე ბლოკი სეზონშორისი მოსამსახურე პერსონალის საყოფაცხოვრებო-სამეურნეო კანალიზაციის ხარჯის წმენდისათვის. გაწმენდილი სითხე, რომელიც აკმაყოფილებს ჩაშვების რეგლამენტს (ტექნიკური რეგლამენტი - “ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების მეთოდიკა” და ტექნიკური რეგლამენტი “საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისგან დაცვის შესახებ”) ჩაეშვება მდინარე ბახვში.

 

ელექტრომომარაგებისათვის საჭირო ქსელისა და ნაგებობების არსებული მდგომარეობა და სამომავლო განვითარება

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ელექტრო მომარაგება ხორციელდება ზაფხულის სეზონის განმავლობაში, შეზღუდული რესურსით (გრაფიკით - ხაზი „ერკეთი“ 10 კვ.)

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის სრულფასოვანი ელექტრომომარაგებისთვის, მაღალი და დაბალი ძაბვის ელ.ქსელის გაუჯობესების მიზნით საქათველოს ენერგეტიკის სამინისტროს დავალებით კომპანია „ენერგო-პროს“ მიერ (05.05.2016 #04/1714) მომზადებულია წინასწარი შეფასება.

 

წინასწარი შეფასება

საკურორტო დასახლების საიმედო  და ხარისხიანი ელექტრო მომარაგებისთვის საჭიროა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

1) 1,35/10კვ. ქ/ს ნაბეღლავიდან გამომავალი, 35 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ერკეთი“-ს სრული რეაბილიტაცა - სავარაუდო ღირებულება 232 000 ლარი.

2) ბახმაროს ტერიტორიაზე 35/10 კვ. ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა - სავარაუდო ღირებულება 465 000 ლარი.

3) ახალი, 15 კვ. – 10 კვ. ძაბვის ქსელის მშენებლობა - სავარაუდო ღირებულება 450 000 ლარი.

4) 0,4 კვ. ძაბვის ქსელის მოწყობა/რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულება 450 000 ლარი.

5) მოსახლეობის (1 500 აბონენტის) ინდივიდუალური გამრიცხველიანება - სავარაუდო ღირებულება 900 000 ლარი.

ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს  2 497 000 ლარს.

(წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტუქტურის სამინისტრო 10/2016)

 

აბონენტთა სამომავლო მაქსიმალური საორიენტაციო რაოდენობა

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალურის გეგმის მიხედვით სამომავლოდ აბონენტთა საორიენტაციო მაქსიმალური რაოდენობა 3 000 იქნება, რაც ორჯერ აღემატება წინასწარი შეფასებისას გათვალისწინებულს, შესაბამისად, გამოიწვევს დამატებითი შეფასების საჭიროებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე აბონენტთა რაოდენობა შესაძლოა 1 500-ზე ნაკლებიც იყოს.

 

ელექტრო გადამცემი ხაზების გაყვანის პირობა

ბახმაროს სარეკრეაციო არეალის ვიზუალური დაცვის და ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის გამო უსაფრთხოებისა და ელექტრო გადამცემი ხაზების დაუზიანებლობის მიზნით, განსაკუთრებით გასანაშენიანებელ ნაწილში, მნიშვნელოვანია ელექტრო გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ იყოს განთავსებული, ხოლო 35/10 კვ. ძაბვის ქვესადგურის სავარაუდო ადგილმდებარეობა განსაზღვრულია საწარმო ზონაში/ზონასთან და სქემატურად ასახულია 5.2.1 ილუსტრაციაზე.

ილუსტრაცია 5.2.1  35/10 კვ. ძაბვის ქვესადგურის სავარაუდო ადგილმდებარეობა

 

შენიშვნა: ამჟამად მიმდინარეობს ელექტროქსელის და გამრიცხველიანების პროეტირების სამუშაოები (ივლისი 2017)

 

ბუნებრივი აირის მიწოდებისათვის საჭირო ქსელისა და ნაგებობების არსებული მდგომარეობა და სამომავლო განვითარება

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის  #317 განკარგულებით ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა ბახმაროს ბუნებრივი აირით მომარაგების წინასწარი ვერსიის მომზადება. ამავე წლის 19 მაისს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ  დამუშავდა მომარაგების მარშრუტის  2 ვერსია, კერძოდ: პირველი ვარიანტი ითვალისწინებს 39 კმ. სიგრძის ახალი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც გვერდს აუვლის დასახლებულ პუნქტებს და მისი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5,9 მილიონ ლარს; ხოლო მეორე ვერსია გულისხმობს 49 კმ. სიგრძის ახალი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც გარდა ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიისა სამომავლოდ ბუნებრივი აირით მოამარაგებს 15 სოფელს, მშენებლობის ხარჯების ღირებულებით 7,4 მილიონი ლარი.  ორივე ალტერნატიული ვერსიის შემთხვევაში ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე დაქსელვის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დამატებით შეადგენს 3,6 მილიონ ლარს. წინასწარი ვერსიები სქემატურად ასახულია 5.3.1 ილუსტრაციაზე.

როგორც კვლევის ნაწილში აღვნიშნეთ, ბახმაროში ბუნებრივი აირის მომარაგების ქსელი არ არსებობს, თუმცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აქვს მოსაზრება ბუნებრივი აირის მაგისტრალის, დასახლების შიგა ქსელისა და გამრიცხველიანობის დაგეგმვის შესახებ. (იხილეთ კვლევის ნაწილი, თავი: 11. ინფრასტრუქტურის ანალიზი) ბუნებრივი აირის არსებობის განსაკუთრებული საჭიროებაა ბახმაროში სამომავლოდ, ზამთრის სეზონის პერიოდში. თუმცა, არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბუნებრივი აირის მოხმარებისას გამოყოფილი ნამწვი შეამცირებს ბახმაროს ჰაერის ხარისხს და მის ბუნებრივ სარეკრეაციო გარემო-პირობების უპირატესობას. სამომავლოდ საჭირო იქნება ყველა ამ საჭიროების და გამოწვევის შეფასება, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფისა და ამავდროულად ბუნებრივი გარემოს დაცვის მიზნით.

ილუსტრაცია 5.3.1  ბუნებრივი აირით მომარაგების წინასწარი ვერსიები

აბონენტთა სამომავლო მაქსიმალური საორიენტაციო რაოდენობა

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით სამომავლოდ აბონენტთა საორიენტაციო მაქსიმალური რაოდენობა 3 000 იქნება, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს დამატებითი შეფასების საჭიროებას.

 

სანიაღვრე წყალარინების ქსელის და ნაგებობების არსებულ მდგომარეობა და სამომავლო განვითარება

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე ხელოვნურად შექმნილი სანიაღვრე წყალარინების ქსელი და ნაგებობები არ არსებობს.

ბახმაროს ლანდშაფტის ხასიათიდან გამომდინარე მთის ფერდობებზე მრავლადაა ხევები, სეზონურად თოვლის დნობისას და სხვა ბუნებრივი ნალექის მიერ ჩამოყალიბებული არხები. განაშენიანებულ ტერიტორიებზე და განვითარებისთვის ხელსაყრელ სამომავლო არეალებში ამ ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირება ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაირღვეს ბუნებრივი ჰიდროლოგიური ციკლი, არ შეექმნას განაშენიანებას მთიდან წყლის მოვარდნის დესტრუქციული საფრთხე და ამავდროულად განაშენიანებული ნაწილების ზედაპირული წყლების მიმართვა ამ ბუნებრივ სისტემაში მოხდეს.

ზედაპირული წყლების მოცილების არსებული ბუნებრივ სისტემა წარმოადგენს სანიაღვრე წყალარინების სისტემასაც, შესაბამისად ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე ასახულია ბუნებრივი ხევები და დატბორვის არეალები სადაც დაუშვებელია განაშენიანება.

ასევე, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განაშენიანების რეგულირების წესებით დადგინდება მიწის ნაკვეთებზე გამწვანების მინიმალური ფართობი და ღია სივრცის  მოპირკეთებული ზედაპირების ისეთი პირობები, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული  ნიადაგის უნარი, შეისრუტოს ზედაპირული წყლები და არ შექმნას მისი მართვის დამატებითი საჭიროება და პრობლემები.

 

მყარი ნარჩენების მოცილებისათვის საჭირო ქსელისა და ნაგავსაყრელი ნაგებობების არსებული მდგომარეობა და სამომავლო განვითარება

მყარი ნარჩენების მოცილება დღესაც და მომავალში სავარაუდოდ გაგრძელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საერთო გეგმის მიხედვით.

კურორტ ბახმაროს მყარი ნარჩენების ტრანსპორტირება და განთავსება ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მდებარე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე (ს.კ. 28.06.26.017) აღნიშნული ადგილი ასევე დატანილია „ბახმაროს ადგილმდებარეობის გურია-აჭარის მთების რეგიონის მასშტაბის რუკაზე;- (რუკა 2.3.)

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანებულ ტერიტორიებზე უნდა გადანაწილდეს და განთავსდეს საჭირო რაოდენობის და მოთხოვნისდამიხედვით სხვადასხვა ზომის სანაგვე კონტეინერები, საიდანაც სანაგვე მანქანების მეშვეობით მოხდება მყარი ნარჩენების გადატანა შეგროვებისა და დაპრესვა/დახარისხებისათვის საჭირო ნაგებობაში, ხოლო დაპრესილი/დახარისხებული მყარი ნარჩენების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მდებარე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე.

მყარი ნარჩენების შეგროვებისა და დაპრესვა-დახარისხებისათვის საჭირო ნაგებობის, ასევე სანაგვე მანქანებისათვის ავტოსადგომების სავარაუდო ადგილმდებარეობა ნავარაუდევია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის გარეთ, ბახმარო - ჩოხატაურის საავტომობილო გზის სიახლოვეს ბახმაროდან 2,3 კილომეტრში (41°52'59.35"N /  42°21'26.78"E ); ნარჩენების შეგროვების ოპტიმიზაციის და დახარისხებისა ადგილი  სქემატურად ასახულია ილუსტრაციაზე 5.5.1  და ასევე  დატანილია ამ ადგილი აღქმის არეალი.

ილუსტრაცია 5.5.1  მყარი ნარჩენების შეგროვებისა და დაპრესვისათვის საჭირო ნაგებობის სავარაუდო ადგილმდებარეობა

 

ინტერნეტი და ტელემაუწყებლობა

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე ინტერნეტი და ტელემაუწყებლობა არსებობს იმ ფორმით, მოცულობით  და ხარისხით რისი მოთხოვნაცაა. სამომავლოდ ამ კომპონენტის განვითარება დამოკიდებულა ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის  განვითარებაზე და მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში სავარაუდოდ დაკმაყოფილდება კერძო  მომწოდებლების მიერ.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე უკაბელო ან საკაბელო საკომუნიკაციო ქსელებისა და მათთვის საჭირო ნაგებობების განთავსება აუცილებელია მოხდეს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ვიზუალური დაცვის არეალის მკაცრად გათვალისწინებით.

 

განახლებადი ენერგია

განახლებადი ენერგია ენერგეტიკის ის სექტორია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონის, ქვეყნისა და საქართველოს დიდი და მცირე დასახლებების მდგრადი განვითარება, ენერგოუსაფრთხობა, გარემოზე ზემოქმედების (ემისიების) შემცირება და მიწოდების უსაფრთხოება. ბახმაროში და მსგავს დასახლებებში სასურველია, ამ მიმართულების განვითარება, რადგან განაშენიანების არსებობასა და განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს  დაცვა და თანაარსებობა.

საქართველოს სამწუხაროდ, არ გააჩნია განახლებადი ენერგიის ეროვნული გეგმა და გრძელვადიანი სტრატეგიული პოლიტიკა, ურბანული და არაურბანული განაშენიანებული ტერიტორიების განახლებადი ენერგიის მხრივ მდგრადი განვითარების ხედვები და სამოდელო მიდგომები. არსებობს სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“, სადაც სახელმწიფო არაპირდაპირი სუბსიდირების გზით ახალისებს კერძო ბიზნესს ამ სფეროში ინვესტირებისთვის, რომელიც სამწუხაროდ, მხოლოდ დიდი და საშუალო ჰესების განვითარებას გულისხმობს.

ბახმაროს და ზოგადად მისი რეგიონის პოტენციალი - განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით შესასწავლია და საჭიროებს სახელმწიფოს პირდაპირი ინვესტირების გზით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება-განხორციელებას.

 

რუკების გადმოტვირთვა pdf ფორმატში: