ბუნებრივი საფრთხეები

არსებული ბუნებრივი საფრთხეები

 

სეისმურობასთან დაკავშირებული მონაცემები და არსებული შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის ზოგადი შეფასება

საქართველოში ამჟამად მოქმედი, ევროკოდ 8-3-ზე დამყარებული სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნწ) „სეისმომედეგი მშენებლობა“  (სსმ III, 21.10.2009 N 128), სეისმური საშიშროების რუკის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს 7 ბალიან (MSK 64 სკალა) ზონაში (იხ.: დანართი 1), ხოლო სეისმურობის უგანზომილებო კოეფიციენტი (A), ამავე დოკუმენტის მიხედვით უნდა იყოს - 0.10-0.11-ის ფარგლებში (ჩხაკოურა).

კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე არსებული შენობების უდიდესი ნაწილი წარმოადგენს 1-2 სართულიან ხის ან შერეული - ქვის ან სხვა ადგილობრივი მასალისგან აშენებულ ნაგებობებს. ზემოხსენებული ნორმატიული დოკუმენტით შენობების მნიშვნელოვნების კლასების მიხედვით ასეთი შენობები განეკუთვნება I და II კატეგორიას, კერძოდ:

I კატეგორია - შენობები, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია ხალხის უსაფრთხოებისათვის, მაგ.: სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები და ა.შ., და

II კატეგორია - ჩვეულებრივი შენობები, რომლებიც არ განეკუთვნება სხვა კატეგორიებს.

შენობების სიმაღლე ძირითადად  არ აღემატება ზემოხსენებული რეგლამენტის მე-8 ცხრილში ხის და ადგილობრივი მასალებისგან აშენებული სახლებისთვის მოცემულ შენობათა ზღვრულ სიმაღლეებს (სართულიანობას) – 3 სართულს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შენობებს არა აქვთ მიწისძვრის შედეგად ადამიანის სიცოცხლის დაცვის ან დაზიანების ხარისხის შეზღუდვის რაიმე სპეციალური კონსტრუქციული გადაწყვეტები (სანდოობის კოეფიციენტი - 1.2), თავად შენობების კონსტრუქციის, სართულიანობის და სამშენებლო მასალის ტიპიდან გამომდინარე, ისინი სეისმურობის თვალსაზრისით, მოცემული ბალიანობის ზონისათვის უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს. ამავე დროს, მომავალი მშენებლობის დროს, განსაკუთრებით ბეტონის, ქვის თუ სხვა მსგავსი მასალით შენობების თუ ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დოკუმენტში - „სეისმომედეგი მშენებლობა“ მოყვანილი ნორმები და რეკომენდაციები.

 

მეწყერსაშიშროება და მასთან დაკავშირებული მდგომარეობის შეფასება

მდ. ბახვისწყლის წყალშემკრებ აუზსა და უშუალოდ მდინარის ხეობაში, აგრეთვე ბახმარომდე მიმავალი საავტომობილო გზის დერეფნის გასწვრივ ადგილი აქვს საკმაოდ ინტენსიურად განვითარებულ მეწყრულ პროცესებს და/ან ისეთ მოვლენებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან მეწყრული პროცესების განვითარების რისკებს. ამავე დროს, თავად ბახმაროს საკურორტო ზონის ტერიტორიის ფარგლებში შედარებით ტლანქი რელიეფის გამო მეწყრული პროცესები ნაკლებად არის განვითარებული და ძირითადად არაღრმა, ზედაპირული ხასიათისაა. კვლევის ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია ზედაპირული მეწყრული პროცესების განვითარების ორი არე (იხ. რუკა 1). აღნიშნული მეწყრული პროცესების განვითარების ზონაში დამატებითი კვლევების გარეშე რაიმე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა არ არის მიზანშეწონილი. ზოგადად, ბახმაროს დასახლებული ტერიტორიის მეწყერსაშიშროების ხარისხი ცხრილ 9.1.1-ში მოყვანილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება შეფასდეს, როგორც - საშუალო.

ცხრილი 9.6.1: მეწყრის საფრთხის კრიტერიუმები

აქვე, აღსანიშნავია ისეთი ბუნებრივი საფრთხე, როგორიც არის ღვარცოფი, რომლის განვითარების რისკი ასევე შესაფასებელი და გასათვალისწინებელია. ამ თვალსაზრისით, ბახმაროს ტერიტორიაზე მოცემულ ეტაპზე გამოვლენილია ერთი ღვარცოფული ხევი (იხ.: ილუსტრაცია 9.1).

ამავე დროს, ბახმაროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ადგილი - ბაისურა, რომელიც სივრცული განვითარების პროექტის საპროექტო არეალშია მოქცეული, თავად ბახმაროსგან განსხვავებით, საკმაოდ არასტაბილურია. აქ, წინასწარი მონაცემებით მეწყრული პროცესები უფრო ინტენსიურია და ღრმა ფენებს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე, აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიშროების ხარისხის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც - მაღალი.

ილუსტრაცია 9.1: სეისმური საშიშროების რუკა

წყალდიდობა და დატბორვა, მისთვის განკუთვნილი ნაგებობები, წყალდიდობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შეფასება

ბახმაროს ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლური ნაწილი განთავსებულია მდ. ბახვისწყალის სათავეებში, სუბგანედური მიმართულების ეროზიულ-აკუმულაციური გენეზისის დეპრესიაში.

მდ. ბახვისწყალი სათავეს იღებს აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2,600 მ-ის სიმაღღლეზე და ერთვის მდ. სუფსას დაახლოებით 50 მ-ზე ზღვის დონიდან სოფ. ძიმითთან. მდინარის სიგრძე 42 კმ-ია, ვარდნა 2,558 მ, საშუალო დახრილობა 60,9‰.  წყალშემკრები აუზის ფართობი 156 კმ2, საშუალო სიმაღლე 1,380 მ. მდინარე ბახვისწყლის აუზში 127 მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძე 214 კმ-ს შეადგენს, ქსელის სიმჭიდროვე 1,37 კმ/კმ2 .

მდინარის აუზის ზემო დინება (1,800-2,000 მ) მკვეთრად გამოხატული მთის რელიეფით ხასიათდება. ქვედა დინება, ბოლო 10-12 კმ-ის მანძილზე, ხასიათდება გორაკბორცვიანი რელიეფით, სიმაღლით ზღვის დონიდან 50-150 მ.

აუზის აგებულებაში მონაწილებს თიხნარი ნიადაგებით დაფარული დიორეტების, სიენელების და ანდეზიტ-ბაზალტების წყებები. ხეობა სათავიდან სოფ მთისპირამდე V-სებრი ფორმისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე ფსკერთან ხეობის სიგანე 5-20 მეტრია, მხოლოდ კურორტ ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიასთან იშლება 1-1,5 კილომეტრზე. მთისპირიდან შესართავამდე ხეობა ტრაპეციიესებურია და მისი სიგანე 500-700 მეტრს აღწეევს.

მდინარე ბახვისწყალი ჰიდროლოგიურად შესწავლილია, მასზე დაკვირვება წარმოებდა 2 პოსტზე - კურორტ ბახმაროსთან და სოფ. ქვემო ბახვთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასზე ჰიდროლოგიური მონიტორინგი ამჟამად არ მიმდინარეობს და იგი შეწყდა გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. წარსულში განხორციელებულ დაკვირვებას ფრაგმენტული სახე ჰქონდა და მოიცავდა შემდეგ პერიოდებს: კურორტ ბახმაროსათვის - 1945-47, 1949-50, 1952-76 წწ. ხოლო სოფ. ქვედა ბახვისათვის კი - 1931, 1932, 1934-47, 1949-80 წწ.

მდინარე ზემო წელში ხასიათდება გაზაფხულის წყალუხვობით და მეჟენით, ქვემო წელში კი კარგად გამოხატული წყალდიდობით. გაზაფხულის წყალუხვობა ფორმირდება ბახმაროს ირგვლივ მთების კალთებზე არსებული თოვლის მძლავრი ნაკადის, 1,5-5,5 მ/ დნობით. წყალუხვობა დაიკვირვება აპრილის დასაწყისიდან - ივნისის ბოლომდე. წყალუხვობის უმაღლესი დონე ფორმირდება მაისის თვეში, ნადნობი თოვლის და წვიმის წყლების თანხვდრით და აღწევს 1.5-2.0 მ-ს წყლის სამუშაო დონიდან.

ქვედა დინებაში, შუა დინებისგან განსხვავებით, მდინარის ფართო ხეობაში გასვლის შედეგად, წყალუხვობა გამოხატულია სუსტად და რეჟიმში ჭარბობს წყალდიდობები, რომელთა უმრავლესობაც (5-10) ხდება შემოდგომაზე (IX-XI თვე.) წყალდიდობის ხანგრძლივობა 1-5 დღეა, საშუალო სიმაღლე 1-1,5 მ. მაქსიმალური 1,7-2,3 მ.

მეჟენი გამოხატულია მდინარის ზემო წელში, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდში (XII—III) ქვემო დინებაში ირღვევა ხშირი, მაგრამ მცირე წყალდიდობებით, რომელიც გამოწვეულია წვიმებით ან თოვლის დათბობით. მდინარე ბახვისწყლის ძირითადი ჰიდროლოგიური მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში 9.1.2.

 

 

საანგარიშო კვეთი

პარამეტრი

ბახმარო

ნიშნული 1740 მ

ს. უკანავი

ს.ქვედა ბახვი

შესართავი

აუზის ფართობი - კმ2

33.4

51

83.8

116

156

აუზის საშუალო სიმაღლე

2260

1950

1740

1480

1380

საშუალო წლიური ხარჯი მ3/წმ

         

საშუალო მრავალწლიური

1.73

2.7

4.48

6.21

8.24

75%-იანი უზრუნველყოფა

1.45

2.26

3.74

5.19

6.9

97%-იანი უზრუნველყოფა

1.07

1.66

2.76

3.83

5.09

მაქსიმალური ხარჯი მ3/წმ

         

საშუალო მრავალწლიური

22.7

-

-

66.9

-

1% უზრუნველყოფა

129

164

218

261

309

2% უზრუნველყოფა

112

142

189

226

268

5%  უზრუნველყოფა

85.8

109

145

174

206

10% უზრუნველყოფა

72.9

92.7

123

148

175

 
 

წყლის მინიმალური საშუალო თვიური ხარჯი ზაფხულში

საშუალო მრავალწლიური

-

-

-

-

-

75%-იანი უზრუნველყოფა

0.31

0.51

0.89

1.36

1.82

97%-იანი უზრუნველყოფა

0.18

0.3

0.52

0.79

1.06


ბახმაროს ჩრდილოეთური ნაწილი, მდ. ბახვისწყლის ხეობის მარჯვენა ნაპირი განთავსებულია ეროზიულ-დენუდაციური გენეზისის ძლიერ დახრილ (20-450) ფერდობზე, რომელიც აგებულია შუაეოცენური ასაკის ვულკანოგენური, შედარებით სტაბილური ქანებით.

ცხრილი 9.1.7: მდინარე ბახვისწყლის ძირითადი ჰიდროლოგიური მახასიათებლები

აღნიშნულ ტერიტორიაზე მდ. ბახვისწყლის ჭალაში წყალმოვარდნების დროს ადგილი აქვს ეროზიულ-აკუმულაციურ პროცესებს, რომელთა გამოვლენის მაშტაბები არ იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ზიანს. წყალდიდობის საფრთხის შეფასების მიზნით დამუშავდა წყალდიდობის მოდელი, რომელიც გულისხმობდა ღვარცოფული ხევიდან წამოსული ნაკადის (მეწყერის) მიერ მდ. ბახვისწყლის ხეობის გადაკეტვა/ჩახერგვას 2, 5 და 10 მეტრი სიმაღლის ნატანი მასალით მიღებულმა შედეგმა გვიჩვენა, რომ, ზედაწელისგან (იქ სადაც ძირითადი დასახლებაა) განსხვავებით ჩახერგვის ადგილას მდინარის ხეობა საკმაოდ ღრმაა, ამიტომ 10 მეტრიანი სიმაღლის დატბორვა პრაქტიკულად არ ეხება დასახლებულ ზონებს (იხ. რუკა 1).

 

ქარიშხალი და მასთან დაკავშირებული მდგომარეობის შეფასება;

კურორტ ბახმაროს ოროჰიდროგრაფიის წყალობით, კერძოდ მისი მთათაშორის ვაკისზე მდებარეობის გამო, ძლიერი ქარიშხალის ალბათობა აქ საკმაოდ მცირეა, კურორტის ტერიტორიაზე ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის მიმართულების ქარი. დიაგრამა 9.1-ზე ასახულია გაბატონებული ქარების მიმართულება.

 

ბახმაროს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში გაბატონებული ქარების მიმართულების დიაგრამა

 

ზვავსაშიშროება, ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები და მათთან დაკავშირებული საკითხების შეფასება.

კურორტი ბახმარო და მასთან მისასვლელი გზა ხასიათდება მაღალი ზვავსაშიშროებით. კურორტის ტერიტორიაზე ზვავის საფრთხისა და რისკების კვლევა 1970-80 წლებში განხორციელდა, ხოლო 2016 წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდა მასთან მისასვლელი საავტომობილო გზის საფრთხეების და რისკების შეფასება, რომლის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე 28 ზვავსაშიში კერა დაფიქსირდა.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი ზვასაშიში კერების ზემოქმედების არეალში ექცევა ბახმაროს ახალი განაშიანების ნაწილიც. იმისათვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდეს საფრთხეების შემცირება აუცილებელია პრევენციული ღონიძიებების დაგეგმვა და გატარება, რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირებას. ზვავსაშიში კერების შესასწავლად რეკომენდირებული დეტალური კვლევების განხორციელება, პოტენციური რისკის განსაზღვრა და ტექნიკური პრევეციული ქმედებების შემუშავება. აღნიშნულ ქმედებებში შესაძლებელია მოვიაზროთ როგორც სტრუქტურული ისე არასტრუქტურული ღონისძიებები. სტრუქტურული ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს: ზვავსაწინააღმდეგო მესერების მოწყობა, ზვავის შემკავებელი და ზვავის მიმართულების შემცვლელი დამბების მშენებლობა. არასტრუქტურული ღონისძიებებიდან რეკომენდირებულია: თოვლსაზვავე ჯგუფის შექმნა, რომელიც მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს საზვავე კერებზე.  ჯგუფი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტექნიკური საშუალებებით და საჭიროების შემთხვევაში ზვავის გამომწვევი მობილური დანადგარით მოახდენს საფრთხეზე რეაგირებას.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მოსალოდნელი ბუნებრივი საფრთხეები მოცემულია რუკაზე: